"რატომ ვერ გაიზრდება პენსია 50-250-300 ლარით ბიუროკრატიის ხარჯზე"

2030-ის ეკონომიკური ექსპერტი მიხეილ დუნდუა პოლიტიკური პარტიების მიერ პენსიის გაზრდის თემას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მიხეილ დუნდუას პოსტს.

"პოლიტიკური აბსურდის თეატრი", ანუ რატომ ვერ გაიზრდება პენსია 50-250-300 ლარით ბიუროკრატიის ხარჯზე.  პოლიტიკურმა პარტიებმა თავი მოხადეს ტყუილების გუდას და უხვად დაარიგეს აბსურდული სოციალური დაპირებები.

ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, პენსიების გაზრდა ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე შესაძლებელია მინიმუმ 50 ლარით. ბურჭულაძის პარტიის მტკიცებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში, პენსია 250 ლარამდეც კი გაიზრდება პირველივე წელს ბიუროკრატიის ხელფასების პრემიების და დანამატების შემცირების გზით.

ორივე ეს პარტია (და კიდევ დანარჩენი მრავალი) ავრცელებს ცრუ ნარატივს: "პენსია იმიტომ არ გაიზარდა, რომ პრემიებს იღებენ ჩინოვნიკები!"

მაშ ასე, განვიხილოთ სახელმწიფო მმართველობის დანახარჯები

2012-2015 წლებში ჯარის, პოლიციის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გარეშე.

2012 წელს "არაძალოვან" სახელმწიფო მმართველობაზე დაიხარჯა 1750 მილიონი ლარი, 2015 წელს კი 1629 მილიონი, ანუ 120 მილიონით ნაკლები.

2015 წელს სამინისტროების, მერია-გამგეობების, საკრებულოების(საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება) შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 175.5 მილიონი ლარი. ეს თანხა მთლიანად რომ გადავანაწილოთ 700 000 პენსიონერზე , 2015 წელს პენსიები გაიზრდებოდა 16 ლარით და 71 თეთრით. (175.5 მლნ ლარი X 0.8(საშემოსავლო გადასახადის გამოკლება) / 700 000 პენსიონერი / 12 თვე = 16 ლარი და 71 თეთრი)

თუ შრომის ანაზღაურებას საერთოდ არ მისცემდნენ სამინისტროებს, მერია-გამგეობებს, საკრებულოებს და ამასთან სახელმწიფო მმართველობის სექტორში ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, კულტურის, განათლების, ეკონომიკური საქმიანობის, სოციალური დაცვის მუშაკებს და თანამშრომლებსაც დატოვებდნენ ლუკმა-პურის გარეშე, დაიზოგებოდა დამატებით კიდევ 211.3 მილიონი და შესაბამისად პენსია "გაიზრდებოდა" 36 ლარით და 80 თეთრით", - წერს მიხეილ დუნდუა.