რომან გოცირიძე - დედოლარიცაზიით მეანაბრეები ზარალდებიან

ივნისში ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს ლარში სახსრების მოზიდვა 10%-დან 7%-მდე გაუიაფდათ, უცხოურ ვალუტაში კი 15%-დან 20%-მდე გაუძვირდათ.

ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკამ თავისი შედეგები უკვე გამოიღო და პირველ რიგში, ჩვეულებრივი ადამიანები, მეანაბრეები დააზარალა.

,,კომერციულმა ბანკებმა დოლარში მოზიდულ დეპოზიტებზე პროცენტი უკვე დაწიეს. შემდეგი ნაბიჯი სესხის პროცენტის გაძვირება იქნება. დედოლარიზაციის ერთადერთი რეალური ნაბიჯი კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების სავალდებულო სარეზერვო ნორმის აწევა იყო. მაგალითად, თუ ბანკი უცხოეთიდან მოიზიდავს ერთ მილიონ დოლარს, ეროვნული ბანკი მას აიძულებს, 200 ათასი დოლარის გაყინვას. ეს ზრდის ბანკის ხარჯებს და მისი ანაზღაურების ტვირთი მომხმარებელზე გადადის. ამის გამო კომერციულმა ბანკებმა ანაბარზე პროცენტი დაწიეს და თუ თქვენ ანაბარზე შეიტანდით თანხას, რომელზეც დაგარიცხავდნენ 5 ან 5,5%-ს, დღეს დაგარიცხავენ 4 ან 4,5%-ს. ბანკი, რა თქმა უნდა, არ იზარალებს. მის ხარჯზე კი მომხმარებელი, მეანაბრე ზარალდება”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დედოლარიზაციის პოლიტიკის გამოცხადება უდროო ნაბიჯი იყო.

,,დედოლარიზაციას იწვევს სტაბილური ფასები, ვალუტა და ფისკალური თუ სავალუტო ხელისუფლებისადმი ნდობა. დედოლარიზაციის გამოცხადება ახლა აბსოლუტურად არადროული და არასწორია, მოსახლეობას ყურში ცუდად მოხვდა განცხადება იმის შესახებ, რომ სესხების დოლარში აღება ან ქონების უცხოურ ვალუტაში რეალიზება უნდა შეიზღუდოს. ამან გამოიწვია გარკვეული გაუგებრობა”, - აღნიშნავს გოცირიძე.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ დოლარიზაციის შემცირებისთვის უფრო ეფექტური და მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

ქრისტინე გამთენაძე