რატომ მცირდება სარკინიგზო გადაზიდვები?

მიმდინარე წელს, სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობების კლების ტენდენციამ შარშანდელთან შედარებით შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

საქართველოს რკინიგზის, როგორც დერეფნით ტვირთზიდვის მაფორმირებელი ძირითადი კომპანიის მონაცემები მოწმობენ, გადაზიდვების საერთო მაჩვენებლები შეადგენდა: 2012 წელს - 20.1 მლნ ტონას; 2013 წელს - 18.2 მლნ ტონას; 2014 წელს - 16.7 მლნ ტონას; 2015 წელს - 14.1 მლნ ტონას.

კლებამ ოთხი წლის განმავლობაში 30%-ს მიაღწია. მიმდინარე წლის ხუთ თვეში გადაზიდულია 4.7 მლნ ტონა, შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან (6.1 მლნ ტონა) მიმართებაში შემცირებაა 23%. გადაზიდვების ასეთი ტემპით გაგრძელების პირობებში, წლის ბოლოს მოსალოდნელია, გადაზიდვების შემცირების ოთხწლიანი ტრენდის კიდევ უფრო გაუარესება. სავარაუდოდ, შემცირება 40%-ს მიაღწევს.

საქართველოს რკინიგზით სატრანზიტო, საექსპორტო, საიმპორტო და ადგილობრივი გადაზიდვების მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემების გაანალიზებით სახეზეა ტრანზიტის კლება 34%, ადგილობრივი გადაზიდვები - 16%, ექსპორტი - 9%.

საგულისხმოა, როდესაც ქვეყანაში არსებობს ადგილობრივი გადაზიდვები, თუნდაც უმნიშვნელო 3% ეკონომიკური ზრდა, არ უნდა მცირდებოდეს 16%-ით. გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება ნაკლებია შიდა ბაზარზე. სავარაუდოდ, ადგილი აქვს ქართული ადილობრივი პროდუქციის გადაზიდვებისათვის სარკინიგზო ტარიფების მოუქნელობას.

ასევე, სახეზეა, ფინასურად მომგებიანი ტვირთების შემცირება: საკონტეინერო გადაზიდვები - 32%, ნავთობი და ნავთობროდუქტები - 33% და სხვ.

რეგიონში ხორბლის მოსავალის ზრდის ფონზე, 2016 წლის ხუთ თვეში წინა წელთან შედარებით მარცვლეულის გადაზიდვების შემცირება არის 58%, როცა ანალოგიური სასურსათო მოხმარების ტვირთის - შაქრის გადაზიდვა გაზრდილია 77%-ით. ეს მაგალითი ადასტურებს, რომ ყველაფერი არ შეიძლება ცალსახად „მიწერილი“ იქნეს გარეგან ეკონომიკურ ფაქტორებზე.

ცალკე გამოსაყოფია საკონტეინერო გადაზიდვების კლება, საქართველოზე გამავალი დერეფანი, თავისი სიმოკლის გამო, კონკრეტულად ამ ტვირთზეა მისადაგებული.

შავი ზღვის აუზის ქვეყნების 2016 წლის პირველი კვარტლის საკონტეინერო გადაზიდვების ანალიზი ცხადყოფს, რომ საკონტეინერო გადაზიდვების სფეროში საქართველოს ნავსადგურებში კლებამ შარშანდელთან შედარებით 36.7% შეადგინა, როცა მეზობელ ქვეყნებში ანალოგიურ მიმართულებით მხოლოდ ზრდის ტენდენციებია დაფიქსირებული, კერძოდ, უკრაინაში 6%, რუსეთში 5%, რუმინეთში 0,2%, ბულგარეთში 2%.

ასეთ პირობებში, ზარალდება როგორც რკინიგზა ასევე ნავსადგურებში საკონტეინერო ტვირთების მოლოდინში თავმოყრილი წვრილი მეწარმე საავტომობილო გადამზიდავები.

ყაზახეთის რკინიგზაზე, სახეზეა ჩინეთი - ევროპა - ჩინეთის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, 2013 წელთან შეადარებით 2015 წელს შვიდჯერ გაიზარდა საკონტეინერო ნაკადი, ხოლო მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი შარშანდელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.

შედარებისათვის საქართველომ, მეზობელ ქვეყნებთან სატარიფო საკითხების დარეგულირების პირობებშიც, ბოლო ერთ წელიწარში სატრანსპორტო დერეფნით მხოლოდ ორი სადემონსტრაციო მატარებლის გატარება შეძლო.

საქართველოზე „ინფრასტრუქტურულად“ მიბმულ სომხეთში, სადაც ტვირთბრუნვა მნიშვნელოვანად დამოკიდებულია საქართველოს მიერ გატარებულ ტვირთებზე, 2016 წლის ხუთ თვეში ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით 88%-ით გაიზარდა გადაზიდვები.

უკრაინის რკინიგზაზე მნიშვნელოვანი ზრდაა ისეთ ტვირთებზე, როგორიცაა ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 10.5%, ცემენტი - 16.5%, ქვანახშირი-10.6%, კოქსი - 21.5%, შავი ლითონები - 17.3%.

წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, რეგიონის ქვეყნებმა გაანალიზეს და გადალახეს ტვირთნაკადების შემცირებაზე მოქმედი ფაქტორები და გამოდიან რეცესიის პროცესიდან. საქართველოს სატრანსპორტო სექტორში კი, სახეზეა სტაგნაციის გაღრმავების შეუქცევადი პროცესი. რაც უპირველეს ყოვლისა მიუთითებს სახელმწიფოს დონეზე, მენეჯმენტის პრობლემებზე (ქვეყანაში არ არსებობს სფეროზე პასუხისმგებელი ორგანო). ამას ემატება მეზობელ ქვენებთან არასათანადო კოორდინაცია ტვირთების მოძიების და სატრანსპორტო პოლიტიკაში (პირველ რიგში სატარიფო მიმართულებით) მიმართულებით.

HUB Georgia-ს მიზანშეწონილად მიაჩნია, სახელმწიფო უწყებებთან, მსხვილ სატრანსპორტო კომპანიებთან, არასამთავრო ორგანიზაებთან ერთად გამართოს მრგვალი მაგიდა დარგში მიმდინარე სტაგნაციური პროცესების გასაანალიზებლად და შესაჩერებლად.

პაატა ცაგარეიშვილი

“HUB Georgia”-ს გამგეობის წევრი, ექსპერტი