საქსტატი - 2015 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 218 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა

2015 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 218 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა , - ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, 2015 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 218 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 29,4% ქალაქ თბილისშია განთავსებული, 22,0% - იმერეთში, 11,5% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11,0% - კახეთის რეგიონში, 8,3% - ქვემო ქართლში, 5,5% -აჭარაში, დანარჩენი - შიდა ქართლის (4,1%), სამცხე-ჯავახეთის (2,7%), გურიის (2,3%), მცხეთა-მთიანეთის (1,8%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (1,4%) რეგიონებში.

საქსტატის ინფორმაციით, ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2015 წელს მოქმედი ბაზრობების საერთო რაოდენობის 76,2%, ინდივიდუალური მეწარმეების წილად - 20,6%. ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (1,8%), სააქციო საზოგადოების (0,9%) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,5%) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ბაზრობების 95,9% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4,1% - სახელმწიფო საკუთრებაში.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, 2015 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 2,0 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 55,3 ათასი მეტრია, რომელთა 64,9% შენობაშია განთავსებული. ბაზრობებს გააჩნია 82 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1624 შემნახველი საკანი (საწყობი) 30,2 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,8 ათასი ტონის ტევადობის 332 მაცივარი.

2015 წელს მოქმედი ბაზრობების 38,5% გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 31,7% ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 29,8% ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).

2015 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრობების 32,6% ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; 4,6% ვაჭრობს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით.

ბაზრობების 77.5%-ის ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ხორციელდება შერეული სახის (როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო) საქონლით. 5 ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, 44 ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი, ისე პირუტყვი.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 175 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 21 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ შაბათს და კვირას, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

საქსტატის ცნობით, საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 59,5 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 46,0 ათასი კაცი ვაჭრობს.

2015 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,4 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 32,3% ქალია. დასაქმებულთა 44,7% ქ. თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება. 2015 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 143,8 მლნ. ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 59,1 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 41,1%-ს შეადგენს. 49,3%-ს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 9,6% - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 112,3 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურებამ დასაქმებულ პერსონალზე - 30,2 მლნ ლარი.