დღეიდან მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

დღეიდან ანუ 1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი სრულყოფილად ამოქმედდება - კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ივნისის დასაწყისში მიიღო, უკვე ძალაში შევიდა. კანონის მიხედვით, მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ დაირეგისტრირონ ფართობი, რომელიც ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ. მთავრობა იმედოვნებს, რომ მიწის რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის განვითარებასაც ხელს შეუწყობს და გლეხსაც ბევრ პრობლემას მოუხსნის. ამ პროექტით ერთი წლის განმავლობაში ყველა ისარგებლებს და შეძლებს დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც ადრე სხვადასხვა მიზეზით ვერ ირეგისტრირებდა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, „მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება სრულიად უფასო იქნება. ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდება არაზუსტი საამზომელო ნახაზის პრობლემა, რაც გლეხს ძალიან ბევრ დაბრკოლებას უქმნიდა.“

მიწის რეგისტრაციის მსურველებმა საჯარო რეესტრს განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აზომვითი ნახაზი. საკადასტრო დაგეგმვითი-აზომვითი ნახაზი პროექტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა იყოს შედგენილი. აზომვითი სამუშაოების დასაწყებად აუცილებელი იქნება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება დაინტერესებული პირის, ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ. რაც შეეხება აზომვითი სამუშაოების საფასურს, პროექტის ფარგლებში წარმოებული საკადასტრო აზომვითი სამუშაოები საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად ანაზღაურდება. სავარაუდოდ, სახელმწიფო 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს, ასე რომ, კანონის მიხედვით, გლეხს მიწის აზომვაში ფულის გადახდა აღარ დასჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე