ტურიზმიდან შემოსავალმა  354 მლნ დოლარი შეადგინა

მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან სახარბიელო მაჩვენებელები

,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 7 თვეში ტურისტების რიცხვმა 3 400 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც „უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს“.

„ასევე რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე. საქართველოს ეწვია 764 022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია მეზობელ ქვეყნებთან ერთად შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით.

ასევე 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 354 მლნ დოლარი, რაც 15,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით.

ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული მიკრო და საოჯახო სასტუმროებიდან, დიდი ტურისტული კომპლექსებით დამთავრებული. ეს არის მეტი დასაქმებული ადამინი საქართველოში“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მთელ გუნდს, ვინც ამ მიმართულებთ იმუშავა, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციას, მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა კულტურის სამინისტროს, ვინაიდან მისი თქმით, გარკვეული ღონისძიებების შედეგად, რომელიც სახელმწიფომ გაატარა, ასეთი მაჩვენებელი იქნა მიღწეული.

„ეს ტენდენცია გაგრძელდება. მომავალი წლის ღონისძიებები წელს შემოდგომაზე ახალი სქემით დაიგეგმება, რომელიც ჩვენ შევქმენით საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელის მიხედვით. ეს ტენდენცია არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ ვფიქრობთ, რომ კიდევ გაიზრდება, ვინადან საქართველოს პოპულარიზაცია ძალიან იზრდება. ასევე, მნიშნველოვნად აიწია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობამ და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალს წელს, რაც განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა უნდა მოვამზადოთ მნიშვნელოვნად“, - აღნიშნა პრემიერმა.