კახა კალაძისა და ცოტნე გამსახურდიას კამათი ჰესების თემაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და ცოტნე გამსახურდიამ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” ეთერში ჰესების თემაზე იკამათეს.

გადაცემის ”ჩემი კითხვა” ეთერში ცოტნე გამსახურდიამ კახა კალაძისთვის კითხვის დასმისას განაცხადა, რომ მას ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია და გეგმა არ აქვს.

”ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია და გეგმა, მე როგორც ვიცი, არ გაგაჩნიათ. რის საფუძველზე არჩევთ თქვენ თუ რომელი პროექტია და რისი განხორციელებაა მიზანშეწონილი?! ამ ერთი ციცქნა ქვეყანაში მემორანდუმები გაცემულია 120-ზე მეტი ელექტროსადგურის მშენებლობაზე. საიტზე გამოტანილია კიდევ 50-ზე მეტი მდებარეობა. ხომ არ ვარიგებთ ჩვენს მიწა-წყალს ნისიად და საერთოდ რა ენერგეტიკის განვითარებაზეა საუბარი?! თქვენ საერთოდ გაქვთ წარმოდგენა რას აკეთებთ, როდესაც არ გაქვთ სტრატეგია და განვითარების გეგმა?!”, - მიმართა ცოტნე გამსახურდიამ ენერგეტიკის მინისტრს.

კახა კალაძემ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება, თუ ქვეყანა ენერგეტიკულად არ იქნება განვითარებული. ”მე ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები და არ გადავიდეთ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე. მე მაქვს წარმოდგენა, რას აკეთებს ენერგეტიკის სამინისტრო. მე ვარ დღეს ამ დარგის ხელმძღვანელი და ნამდვილად მეამაყება ის, რაც ამ 4 წლის განმავლობაში შევძელით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე იამაყებს ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროქტებით. წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება, თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით განვითარებული და თუ ელექტროენერგიის თვალსაზრისით ისევ ვიქნებით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, მერწმუნეთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, ეს კარგად უნდა გესმოდეთ და ვფიქრობ, ეს კარგად იცით, თქვენ განათლებული ადამიანი ბრძანდებით”, - მიმართა კალაძემ გამსახურდიას.

მისივე თქმით, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება, ეს იქნება ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, ხორციელდება გარემოს დაცვის ზემოქმედების შეფასებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველანაირი კვლევა.

” ჩვენ არც ერთ წინსაარჩევნო გამოსვლაზე, არც საარჩევნო პროგრამაში არ გვითქვამს ის, რომ უარს ვიტყოდით ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებაზე. ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება, ეს იქნება ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, ხორციელდება გარემოს დაცვის ზემოქმედების შეფასებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველანაირი კვლევა, რომ თავიდან ავიცილოთ ყველანაირი საშიშროება თუ უბედურება”, - განაცხადა კალაძემ.

“ჩემი კითხვა” პალიტრანიუსის ინოვაციური პროექტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს პირადად დაუსვას კითხვები პოლიტიკურ ლიდერებს, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად.