ავტოდილერებმა რუსეთის მარშრუტი გაჭრეს

რუსეთიდან ავტომობილების იმპორტი იზრდება. ამ ფაქტს ორი მიზეზი აქვს. როგორ  გაზეთი "რეზონანსი" წერს,  ერთია, რომ ემბარგოს მოხსნის შემდეგ ამ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირები უფრო გაღრმავდა, მერე მხრივ რუსული რუბლის დოლართან გაუფასურებამ უცხოური წარმოების მეორადი ავტომანქანები გააიაფა და ქართველმა დილერებმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში რუსეთიდან ავტოდილერებმა 2,894 მილიონი დოლარის (214 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი შემოიყვანეს, 2015 წელს ეს რიცხვი 7,M289 მილიონ დოლარამდე (503 ერთეული), გაიზარდა, 2016 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან უკვე რეკორდული რაოდენობის, -  8,063 მილიონი დოლარის (433 ერთეული) მსუბუქი ავტომობილია შემოყვანილი.

ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტომობილების იმპორტი, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნიდან შემცირდა. დღესდღეობით ყველაზე მსხვილ იმპორტიორ ქვეყნად კვლავ იაპონია რჩება, თუმცა ამ ქვეყნიდან იმპორტის მკვეთრი ვარდნით ავტოდილერებმა ასეულობით მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს. 2014 წელს იაპონიიდან 350,694 მილიონი დოლარის (44,143 ათასი ავტომობილი) შემოვია, 2015 წელს იმპორტი 193,805 მილიონ დოლარამდე 43,805 ათასი ერთეული) დაეცა, ხოლო 2016 წლის 6 თვეში 67,553 მილიონ დოლარამდე (18,299 ათასი ერთეული).

"ლადას" საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ რუსეთიდან ყველაზე მეტად სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისა და მეორადი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა.

"ტენდენცია არის მზარდი, შემოდის მეორადი ავტომობილები და სპეციალური ტექნიკა. ჩვენ "ლადას" ოფიციალური დილერები ვართ საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ რუსული წარმოების მსუბუქი მანქანების ექსპორტი ნამდვილად არ არის გაზრდილი", - ამბობს "ლადას" წარმომადგენელი გოჩა როსტიაშვილი და დასძენს, რომ მეორადი ავტომობილების იმპორტიორებისთვის რუსეთის მარშრუტი ამერიკულ დოლართან რუბლის გაუფასურებამ გახადა მიმზიდველი.

"რუბლის გაუფასურების გამო, რუსეთში ავტომობილების ფასი დოლარში შემცირდა, ამიტომ მასზე მოთხოვნა გაიზარდა", _ ამობს გოჩა როსტიაშვილი.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთიდან მსუბუქი ავტომობილი, ძირითადად, "ნივა" შემოდის, ქართველი მომხმარებლისთვის სხვა რუსული ბრენდები საინტერესო არ არის.

"მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამ ქვეყანასთან დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს, მაგრამ ქართული ბორჯომი, ღვინო, ხილი კვლავ იბრუნებს რუსულ ბაზარს. აქედან ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ვაჭრობა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ყველა ბრენდს თავისი მომხმარებელი ჰყავს. მე "ნივას" მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ მარკის მანქანას დღესაც, საქართველოში, თავისი თაყვანისმცემელი ჰყავს. მას უკავია შედარებით ყველაზე იაფი, მძლავრი, ყველგანმავალი ავტომობილის ნიშა. ამასთანავე ბაზარში მისი ფასი არის კონკურენტული", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

ავტომობილების იმპორტი მკვეთრად შემცირდა ამერიკიდან. აშშ საქართველოსთვის ერთ-ერთ მსხვილი იმპორტიორი ქვეყანაა. თუ ამ ქვეყნიდან 2014 წელს 173,328 მილიონი დოლარის (21,513 ერთეული) მვტომობილი შემოვიდა, 1,5 წელიწადში იმპორტი 59 მილიონ დოლარამდე (9,193 ათასი ერთეული) დაეცა. მესამე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნიდან  - გერმანიიდან - ასევე მკვეთრი ვარდნაა. 2014 წლიდან დღემდე იმპორტი 94,305 მილიონი დოლარიდან (18,803 ათასი ერთეული) 53,575 მილიონ დოლარამდე შემცირდა (7,3 ათასი ერთეული).

შეგახსენებთ, რომ იტმპორტისა და შემდეგ რეექსპორტის კლებას ხელი შეუწყო მეზობელ ქვეყნებში ამოქმედებულმა რეგულაციებმა. ყაზახეთისა და სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გამო, ამ ქვეყნები საბაჟო ტარიფები შეიცვალა.

ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანება ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოებისთვის ერთიან საბაჟო სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ტვირთბრუნვა არ იბეგრება გადასახადებით და არ გამოიყენება ეკნომიკური ტიპის შეზღუდვები. ამასთან, საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ ერთობლივ ტარიფს, რეგულირებას და სხვა ერთობლივ მექანიზმებს მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს. საბაჟო კავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთისთვის, ფაქტობრივად, გაუქმებული აქვთ სავიზო რეჟიმი.

ამ ქვეყნების საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ იქაურ იმპორტიორებს საქართველოში ნაყიდი ავტომანქანები გაუძვირდათ და თანაც, როგორც სომხეთის ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ტიგრან ოვანესიანი აცხადებს, თითქმის ოთხჯერ. საქართველოს კი შეუმცირდა რეექსპორტი, რის გამოც ქართველ ავტოდილერებს სერიოზული ფინანსური პრობლემა შეექმნათ.

საექსპორტო ბაზარზე პრობლემების გამო, იმპორტიორები იძულებულები გახდნენ ადგილობრივ ბაზარზე მანქანები გაეიაფებინათ, რამაც მეორე პრობლემა შექმნა. რამდენადაც ავტომობილის შეძენა ყველასთვის გაიოლდა, ქვეყანაში მათი რიცხვი კატასტროფულად მატულობს. ბოლო მონაცემებით, რომელსაც სპეციალისტები საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებენ, მანქანების რაოდენობა 1,2 მილიონს აღწევს. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1,1 მლნ-ს შეადგენდა. ბუნებრივია, ამ სტატისტიკაში იგულისხმება გაჩერებული, ამორტიზებული მანქანების რაოდენობაც, რომელიც საერთო ავტოპარკის 20%-ზე მეტს შეადგენს.

სპეციალისტების ინფორმაციით, მანქანების რიცხვის ზრდა გამოწვეულია მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის ზრდით. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი, იშვიათი შემთხვევის გარდა, არ ხორციელდება და მათი უმეტესობა საბოლოოდ ადგილობრივ ბაზარზე რჩება.

აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ მოსალოდნელი რეგულაციის მიუხედავად, კატასტროფულად მატულობს მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტიც.

"საქართველოს ავტოპარკი უმძიმეს მდგომარეობაშია, რაც დღეს ამ ბაზარზე ხდება, სრული ბაკქანალიაა, თამამად შემიძლია ასე ვუწოდო. ფაქტობრივად, მანქანის ყიდვა შეუძლია ყოველ მეორე და მესამე მოქალაქეს, ეს პროცესი ძალიან გამარტივებულია", - ამბობს ბაირახტარი და დასძენს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეძენით ჩენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები დიდად არ არიან დაინტერესებულნი. აზერბაიჯანში, რომელიც დღემდე ერთ-ერთი მთავარი რეექსპორტის მიმართულებაა, საერთოდ აკრძალულია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა.

"რაც შეეხება ერთ-ერთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ სომხეთს, მართალია ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა კანონით არ იკრძალება, მაგრამ ქვეყანა გაწევრიანებულია საბაჟო კავშირში, რაც, თავის მხრივ, დიდ ფინანსურ ბარიერს წარმოადგენს ავტობიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის", - განმარტავს აფბა-ს ანალიტიკოსი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო - 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა. 2014 წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი, ხოლო 2015 წელს - 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. შსს-ში განმარტავენ, რომ დინამიკა საგანგაშო ზღვარს უახლოვდება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"