ევროკავშირის ბაზრის დატოვება დიდ ბრიტანეთს შესაძლოა 75 მილიარდი ფუნტი დაუჯდეს

ლონდონის ფისკალური კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დატოვების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი დაახლოებით 4%-ით გაღარიბდება.

ბრიტანული მედიის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი კურსით, დიდი ბრიტანეთი 75 მილიარდ ფუნტს დაკარგავს, რაც 26 მილიონიანი ქვეყნის ერთ მოსახლეზე 2 900 ფუნტის ზარალს უდრის.

The Independent-ის ინფორმაციით, რეფერენდუმამდე ევროკავშირის დატოვების მომხრეები  აცხადებდნენ, რომ ნორვეგიის მსგავსად, ბრიტანეთსაც შეეძლო შეენარჩუნებინა ერთიან ბაზარზე წვდომა ისე, რომ ევროკავშირიდან გასულიყო. თუმცა ევროპელმა პოლიტიკოსებმა და მთავრობის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ მიიღებენ ამ პირობას სანამ ბრიტანეთი არ გააგრძელებს ევროკავშირის ბიუჯეტში სერიოზულ კონტრიბუციას და ევროპელ მუშებს ბრიტანეთში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მიცემს.

ტერეზა მეის მთავრობა მიანიშნებს, რომ ნორვეგიის მსგავსი გამოსავალი პოლიტიკურად შეუძლებელია და მინისტრები ერთიანი ბაზრის დატოვებისა და სხვა სახის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან. თუ ბრიტანეთი ვერ მოახერხებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას თავისუფალ ვაჭრობაზე, ქვეყანას მოუწევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მინიმალურ წესებს დათანხმდეს.

ლონდონის ფისკალური კვლევის ინსტიტუტის ცნობით, თავისუფალი ბაზრიდან წევრობის დაკარგვის შემდეგ ბრიტანეთის ეკონომიკური შემოსავლები იმაზე მცირე გახდება, ვიდრე 9 მილიარდი ფუნტი, რომელსაც ყოველწლიურად ევროკავშირის ბიუჯეტში იხდიდა ქვეყანა. დაბალი ზრდის მაჩვენებელი და დამატებითი ვალები, რომელიც დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ მიღებულმა შოკმა გამოიწვია, სახელმწიფო ბიუჯეტს 2020 წლისთვის 20-დან 40 მილიარდ ფუნტამდე აზარალებს.

"ამის გამო მთავრობის ქამრების შემოჭერის პოლიტიკა შემდეგ ათწლეულებშიც გაგრძელდება. ეკონომიკის თითქმის ყველა სპეციალისტის მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა ხანგრძლივ გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე, რომლის დანაკარგების ოდენობაც იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი შეთანხმება შედგება საერთო ბაზრის წევრობასთან დაკავშირებით," - წერს The Independent.