მიტარბში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო

ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად, როგორიც ეს არის დავოსი შვეიცარიაში. ბაკურიანს ამის რესურსი გააჩნია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიტარბში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს ბაკურიანისა და მიტარბის ზამთრის სეზონისთვის მომზადება. ”ბაკურიანში არის სერიოზული ბუმი განვითარების. სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევის შედეგად ჩვენ გავაკეთეთ სწორი პარტნიორობის მოდელები კერძო სექტორთან. სერიოზულად ვითარდება კოხტა-მიტარბის მიმართულება. კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს წელს სეზონისთვის დასრულდება. ერთ კომპლექსად იკვრება და კეთდება უნიკალური ლამაზი ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამურო ტრასები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველზე ლამაზი სათხილამურო ტრასები მთელს ევრპაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგია. კვირიკაშვილის განცხადებით, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების მიზანია, ტურიზმის უკეთ განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა.

მიტარბში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, რაც ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონური სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის - „დოპელმაიერის" საბაგირო. მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, რაც იქნება ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით.