გიორგი კვირიკაშვილი - ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალი გზები ევროპული სტანდარტით აშენდება და გარემონტდება

ჩვენ უდიდეს ყურადღებას დავუთმობთ ტურიზმის განვითარებას და არასად ისე მნიშვნელოვანი არ არის ეს სიტყვა, როგორც აჭარაში.

ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტიის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აჭარის როგორც ზღვისპირეთს, ისე მთიან რეგიონებს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

”როდესაც აქ ვიმყოფები, მთელი ჩემი ბავშვობა თვალწინ მიდგას. მე ყოველ ზაფხულს ვატარებდი ბათუმში, ქობულეთში და აჭარის სხვა ულამაზეს ადგილებში. მაქვს უდიდესი სითბოს შეგრძნება, როდესაც აქ ვიმყოფები. არასოდეს მე არ მახსოვს ასეთი გადაჭედილი აჭარა და ეს უდიდესი დამსახურება, სიკეთე და დამატებითი შემოსავალია თითოეული აჭარელის ოჯახში. ეს ყურადღება გაგრძელდება. ჩვენ მთლიანად აჭარა, როგორც მაღალმთიანი, ისე ზღვისპირეთი უნდა ვაქციოთ 12-თვიან კურორტად, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს აჭარა სავსე იყოს ტურისტებით. ეს მიღწევადია, მეგობრებო, იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აშენდება და გარემონტდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალი გზები.

”უახლოეს მომავალში დაიწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა. აუცილებლად აშენდება და გარემონტდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალი გზები, თანამედროვე, ევროპული სტანდარტით. აუცილებლად გაგრძელდება სამთო-სათხილამურო კურორტების მშენებლობა და რა თქმა უნდა, აუცილებლად გაგრძელდება ის კონცერტები, რომლებიც მრავლად იყო წელს. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი იქნება. აუცილებელია ამ ტიპის აქტივობის წახალისება იმისათვის, რომ აჭარაში ყველა ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.