„გლობალური ინოვაციების ინდექსში“ საქართველო 64-ე პოზიციაზეა

2016 წლის „გლობალური ინოვაციის ინდექსში“  მსოფლიოს  128 ქვეყანას შორის საქართველო 64-ე ადგილზეა.

საქართველო გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში ცხრა პოზიციით დაწინაურდა.

კორნელის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლა INSEAD-ისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი 82 კომპონენტისგან შედგება. აქედან 7 ძირითადი კომპონენტია - ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ბიზნესის განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები, შემოქმედებითი მიღწევები.

ინსტიტუტების კომპონენტში საქართველო 44-ე პოზიციას იკავებს, ხოლო ამავე კომპონენტის ბიზნესგარემოს ნაწილში - 56-ე ადგილს, ბიზნესის წამოწყების სიმარტივით ქვეყანა მე-6 ადგილზეა, ხოლო გადასახადების გადახდის სიმარტივით - 35-ე ადგილზე.

ადამიანური კაპიტალისა და კვლევის კომპონენტში - საქართველოს 91-ე პოზიცია აქვს, ინფრასტრუქტურა - 69-ე პოზიცია, ბაზრის განვითარების დონე - 55-ე ადგილი, ბიზნესის განვითარების დონე - 90-ე ადგილი, ცოდნა და ტექნოლოგიები - 56-ე პოზიცია, შემოქმედებითი მიღწევები - 76-ე პოზიცია.

"გლობალური ინოვაციების ინდექსის" პირველ ხუთეულში აღმოჩნდნენ შვეიცარია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ფინეთი. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი რეიტინგში 60-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 85-ე, თურქეთი - 42-ე, რუსეთი - 43-ე, უკრაინა კი 56-ე ადგილზე.

კვლევა მსოფლიოს 128 ქვეყანას მოიცავს, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 92,8% ცხოვრობს.

კოკა კვირკველია