რომან გოცირიძე - 2020 წლამდე საქართველოს განვითარების პროგრამად წოდებული დოკუმენტი, გამოქვეყნებისთანავე მკვდრადშობილად იქცა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში წარმოქმნილი ნეგატიური ტენდენციები კვლავ შენარჩუნებულია. როგორც რომან გოცირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის ოთხწლიანი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მას ქაღალდზე გადატანილი პროგრამა და სამოქმედო გეგმა არ ჰქონია.

„სუსტი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის არათანაბარზომიერი შესრულება, ფისკალური და მონეტარული არასტაბილურობა, ექსპორტის კლება და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ინვესტიციების კლება, უმუშევრობა, სიღარიბე - კვლავ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ პრობლემად რჩება. ამ და მრავალი სხვა პრობლემის მიზეზი მთავრობის მიერ წარმოებულ არასწორ ეკონომიკური პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.

2020 წლამდე საქართველოს განვითარების პროგრამად წოდებული დოკუმენტი, გამოქვეყნებისთანავე მკვდრადშობილ მასალად იქცა ლარის დევალვაციისა და სხვა მიზეზების გამო. მთავრობის შემდგომი ნაბიჯები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე დამტკიცებულ ამ პროგრამასთან.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა საგარეო ვაჭრობის სფეროში, რომელზეც მნიშვნელოვნადაა ლარის სტაბილურობა დამოკიდებული. 2016 წლის იანვარ-ივლისში, ექსპორტი ( 1,1 მილიარდი აშშ დოლარი) კვლავ განაგრძობს კლებას და იგი 12%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან.

იმპორტი (5, 4 მილიარდი აშშ დოლარი), 25%-ითაა გაზრდილი. თუმცა, უფასოდ შემოტანილი C ჰეპატიტის წამლების ღირებულების გარეშე, იმპორტის მოცულობა დაახლოებით იგივეა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდში”, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ექსპორტის კლების შემაშფოთებელი მასშტაბები კიდევ უფრო ნათლად ჩანს, თუ 2016 წლის მაჩვენებლებს 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შევადარებთ.

”მისმა მოცულობამ 33%-ით იკლო. მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ქვეყნიდან 544 მილიონი დოლარით ნაკლები ღირებულების საქონელია გატანილი, ვიდრე 2014 წელს. ეკონომიკის საექსპორტო სექტორის შემცირება უმუშევრობის ზრდას და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შემოსავლების შემცირებას იწვევს, უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსის სტაბილურობაზე.

არასახარბიელო ტენდენცია შეიმჩნევა უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებითაც. ახლახან გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1,564 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, არამედ მისი შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ეს უკანასკნელი უფრო ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის საინვესტიციო აქტივობაზე.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მოცულობა 2004 წლამდე მშპ-ს 3 პროცენტის ფარგლებში იყო. მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. კერძოდ: 2004 წელს ამ მაჩვენებელმა 9,7 % შეადგინა; 2005 წელს -7,0%; 2006 წელს -15,3 %; 2007 წელს -19,8%; 2008 წელს -12,2%, 2009 წელს - 6,1%; 2010 წელს - 7,0%; 2011 წელს - 7.7%; 2012 წელს - 5,8%; 2013 წელს - 5,8%; 2014 წელს -10,6%; 2015 წელს - 11,2%.

2014 და 2015 წელს ამ მაჩვენებლის გაზრდა გამოწვეულია იმ მიზეზითაც, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, გამოხატული დოლარში, შემცირდა ლარის დევალვაციის გამო და ამ შემცირებულ სიდიდესთან მიმართებით ინვესტიციების პროცენტული მონაცემები უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ის იქნებოდა ლარის გაუფასურების ფაქტორის გარეშე.

ამასთან, 2014 წელს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა უცხოური ინვესტიციების აღრიცხვის მეთოდიკა შეცვალა, რამაც მისი ზრდა გამოიწვია. ამიტომ, ბოლო წლების მონაცემები 2014 წლამდე არსებულ მაჩვენებლებთან შესადარისი არ არის. ეს კი უცხოური ინვესტიციების ზრდის ილუზიას ქმნის“, -აღნიშნა რომან გოცირიძემ.