გიორგი კვირიკაშვილი - მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები საქმიან ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს საქმის წარმოებას

ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ-პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასპინძაში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერმა ასპინძელებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა და გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რაც გულისხმობს ძირეულ ცვლილელებს განათლების სიტემაში, რათა პედაგოგები იყვნენ გაცილებით დაფასებულნი.

გიორგი კვირიკაშვილი შეეხო მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, რაც, მისი თქმით, საქმიან ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს ბიზნესის წარმოებას.

„ბოლო პერიოდში ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ წყალმომარაგებას და გაზიფიცირებას და ბევრ რაიონში ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. ჩვენ ასევე ვარემონტებთ სკოლებს, კულტურის სახლებს, სპორტულ კომპლექსებს, რაც არის საჭირო ჩვენი მომავალი, ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად და დღეს გაცილებით მეტი ფული იხარჯება ინფასტრუქტურაში, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მაქსიმუმი, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი და არ ვფიქრობთ, რომ ყველა პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ქვეყანაში. ჩვენ ვიცით რამხელა პრობლემებია რეგიონებში, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს და სწორედ ამიტომ სწრაფი ცვლილების განსახორციელებლად დღეს ჩვენ გვაქვს მომავალი 4 წლიანი გეგმა”, - აღნიშნა პრემიერმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ასპინძელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„არა მოქალაქეების ღირსების გადავლით, არამედ ერთმანეთის პატივისცემით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს ქვეყანას - უკეთესი განათლების სისტემით, უკეთესი ინფრასტრუქტურით, უკეთესი გზებით, უკეთესი გაზიფიცირებით, უკეთესი სოფლის მეურნეობით და ეს არის მიღწევადი!“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ასპინძის მოსახლეობასთან შეხვედრისას.