თემაზე - “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” კონფერენცია გაიმართა

“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ” (NALAG), საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობით თემაზე “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” საერთაშორისო კონფერენცია გამართა.

როგორც  “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაში” განაცხადეს, კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსუდი და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მიზანი საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ნორვეგიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ჯიქიამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ეკონომიკის განვითარებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლზე ისაუბრეს. კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტები, მთავრობისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები წარსდგნენ.

ღონისძიებაზე ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ერიკ რეინერტი იყო მოწვეული. ის მსოფლიო აღიარების მქონე მეცნიერია ეკონომიკის დარგში, გამოცემული აქვს 4 მონოგრაფია და რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი ეკონომიკური განვითარების საკითხებზე.

კონფერენცია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისა“ და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.