ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური პოლიტიკის საკითხები, ინსტიტუციური და საგადასახადო რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში.

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, იმ ღონისძიებებზე, რომელიც მთავრობის მიერ დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველყოფის მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას. მან იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თბილისში დაგეგმილი შეხვედრები ნაყოფიერი იქნება და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კვლავ გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია.

თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ფონდში იმუშაოს საქართველოს საკითხებზე და ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ქვეყნისთვის სასარგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო.