საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი კონკურენტუნარიანი სატარიფო პირობების შექმნაზე შეთანხმდნენ

ასტანაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ყაზახეთის უმსხვილეს ოპერატორ და სატვირთო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ყაზახური მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის საკითხები. კერძოდ, საუბარი იყო სატარიფო განაკვეთის შემცირებაზე მარცვლეულის, ნავთობის, გაზის, მეტალოპროდუქციის გადაზიდვებზე, ასევე სამი ქვეყნის ტერიტორიაზე საკონტეინერო გადაზიდვებზე. შეხვედრის შედეგად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი კონკურენტუნარიანი სატარიფო პირობების შექმნაზე შეთანხმდნენ.

„მზად ვართ შემოგთავაზოთ კარგი პირობები საექსპორტო და საიმპორტო საქონლის ტრანსპორტირებისთვის. მაგალითად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, საქართველოს რკინიგზის ჩართულობით ვხსნით პირდაპირ მარშრუტს თურქეთზე. ამგვარად, თქვენ გექნებათ წვდომა თურქეთის სამხრეთ პორტებისკენ, ჩრდილოეთ აფრიკასა და არაბული ქვეყნებისკენ“, - განაცხადა შეხვედრაზე აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა იღბალ გუსეინოვმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სატვირთო გადამზიდავ კომპანიებსა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის პირდაპირი კონტაქტი საშუალებას მისცემს მხარეებს, ტვირთების გადაზიდვის პროცესი უფრო ეფექტური და სწრაფი გახადონ.