რატომ მცირდება საქართველოდან ექსპორტი

საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი მცირდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სხვა ქვეყნებში პროდუქციის გატანა 12%-ით შემცირდა. თანხობრივად ეს დაახლოებით 126 მილიონი დოლარით ნაკლების გატანას ნიშნავს. ექსპორტი შემცირებულია როგორც ევროკავშირის (25%-ით), ასევე დსთ-ის ქვეყნებში (27%-ით). საინტერესოა, რომ იანვრიდან ივლისის ჩათვლით საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა კანადასთან ჰქონდა. თუმცა ეს ქვეყანა დაწინაურდა C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით სამკურნალო საშუალებების დიდი მოცულობით იმპორტის გამო. საქართველოდან კი კანადაში ყველაზე მეტი გავიდა დაუმუშავებული თუ ნახევრად დამუშავებული ოქრო, დაახლოებით 1,5 ტონა. კანადის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები კვლავ არიან თურქეთი და რუსეთი.

ექსპორტის შემცირება მით უფრო დამაფიქრებელია, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის შემცირებამ საქართველოდან ექსპორტი გააიაფა, რაც დამატებით წამახალისებელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო. უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან შემცირებულია ფეროშენადნობების, მსუბუქი ავტომობილების, სამკურნალო საშუალებების, მინერალური წყლებისა და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი. თუმცა გაზრდილია სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილის, ყურძნის ნატურალური ღვინოების, სპირტისა და ოქროს ექსპორტი. მიუხედავად ამისა, ექსპერტების შეფასებით, სასაქონლო ექსპორტის შემცირება შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. მიზეზთა შორის ექსპერტები ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ვითარებასა და სახელმწიფო პროგრამების ხარვეზებს ასახელებენ, რომლებმაც სათანადოდ ვერ წაახალისეს ადგილობრივი წარმოება და ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზრის შესაძლებლობები ქართული პროდუქციისთვის, ძირითადად, კვლავ მიუწვდომელ პერსპექტივად დარჩა.

გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი: "ექსპორტმა ქრონიკულად დაიწყო შემცირება. წლევანდელი შვიდი თვის მაჩვენებლები შემცირებულია როგორც შარშანდელ, ასევე 2013 და 2014 წლებთან შედარებით. ამის მიზეზია ის, რომ ძირითად საექსპორტო ბაზრებზე მდგომარეობა გაუარესდა და ახალი საექსპორტო პროდუქცია საქართველოში რეალურად არ შექმნილა. 4 წელიწადი გავატარეთ ლაპარაკში, რომ ექსპორტს ხელი უნდა შევუწყოთ, შედეგს კი ვერ ვხედავთ.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA) მხოლოდ შესაძლებლობაა. ჯერ უნდა გქონდეს პროდუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ გახვალ ბაზარზე, რომელიც შენთვის გახსნილია. ხელშეკრულებამ თავისი როლი შეასრულა, საექსპორტო პროდუქციის განსაზღვრული ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში ნამდვილად გვაქვს, მაგრამ მკვეთრი შემცირებაა სხვა მიმართულებით, მათ შორის, დსთ-ის ქვეყნებში პროდუქციის გატანის თვალსაზრისით. ექსპორტი არ არის ისეთი საკითხი, სადაც სასწრაფო ღონისძიებებით არის შესაძლებელი ვითარების გაუმჯობესება. ამისთვის ხელისუფლებას გასულ წლებში უნდა გაეტარებინა ქმედითი ღონისძიებები. ახლა ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ექსპორტის შემცირების შესაჩერებლად ვერაფერს ვიღონებთ".

ნოდარ კაპანაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "მთლიანი ექსპორტის შემცირება, ცხადია, კარგი ამბავი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ვნახოთ, სასაქონლო პოზიციების მიხედვით რა პროდუქციის ექსპორტი მცირდება. როცა ვხედავთ, რომ საქართველოდან შემცირებულია მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, ეს თავისთავად კატასტროფა არ არის, რადგან ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემცირდა ავტომობილების შემოყვანა და შემდეგ მათი გაყვანა რეექსპორტით.

დაახლოებით 54 მილიონი დოლარიდან 48 მილიონამდეა შემცირებული მინერალური წყლების ექსპორტი, რასაც დიდ შემცირებას ვერ დავარქმევთ და ეს შესაძლოა, სწორედ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემებით იყოს განპირობებული.

თუმცა ამ შვიდ თვეში მნიშვნელოვნად არის შემცირებული აზოტოვანი სასუქების ექსპორტი, 63 მილიონი დოლარიდან 47 მილიონამდე. სწორედ აზოტოვანი სასუქები და აგრეთვე ღვინო - მხოლოდ ეს ორი ე. წ. ღრმა გადამუშავების პროდუქტი გადის საქართველოდან ექსპორტით, სხვა დანარჩენი კი ან ნახევარფაბრიკატია, ან ნედლეული.

სახელმწიფო პროგრამები, რაშიც ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა და აგრეთვე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ვერ იქნება ექსპორტის ზრდის წინა პირობა. ექსპორტი წარმოების ზრდისას იმატებს, წარმოების ზრდას კი სჭირდება არა კამპანიურ რეჟიმში წარმართული რეფორმები, არამედ სისტემური მუშაობა, რაც ნიშნავს გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულ რეფორმებს. ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ქვეყანაში - სოციალურ ეფექტს თუ ეკონომიკურს? მაშინ, როცა საქართველოში მიწათმფლობელობა ოჯახზე საშუალოდ 0,7 ჰექტარია და ეს მიწაც კიდევ რამდენიმე ნაკვეთად არის დაქუცმაცებული, მიწის ასეთი რესურსით შეუძლებელია დიდი მოცულობებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება. მუდმივად გვესმის, რომ თურმე საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა არის სხვადასხვა ქვეყანაში. როცა სოფლად მცხოვრები 500 ოჯახი აწარმოებს ერთსა და იმავე პროდუქციას და ხუთასივეს წარმოებული პროდუქცია სხვადასხვანაირია, რა თქმა უნდა, ერთიან სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ და ასეთ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობით ვერ გაიტან. მცირე მოცულობის პროდუქცია კი საცალო ვაჭრობისა და

შიდა ბაზარზე გაყიდვისთვის არის "განწირული". ექსპორტისთვის საჭიროა დიდი მოცულობის წარმოება. ამისთვის კი უნდა მოიძებნოს ვინმე ლატიფუნდისტი, 300 ჰექტარი მიწით, მაგრამ ამხელა მიწა საქართველოში ცოტას თუ ექნება წესიერი გზით დასაკუთრებული. არის კიდევ სხვა გამოსავალიც - პატარ-პატარა მიწის ნაკვეთების მქონეთ დავუსახოთ მიზანი, რომ ნაკვეთები გააერთიანონ, მაგრამ ამის გაკეთება კამპანიური რეფორმებით ვერ მოხერხდება. ადამიანმა თუ 20-25-წლიანი პერსპექტივა ვერ დაინახა, ასეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებს.

ყველა რეფორმა, რომელიც თავის დროზე საქართველოში ექსპორტის წახალისებისთვის დაიწყო, ზათქით და გრიალით დაიწყო, მაგრამ მცირე შედეგით დასრულდა. ამიტომაც ნდობა ასეთი რეფორმებისა და პროგრამების მიმართ ხალხში დაბალია".

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"