ირანული კომპანიები საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესდნენ

ირანის ქალაქ ბოჯნურდის ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესდა,

- ამის შესახებ საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.

როგორც ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, საქართველოში სტუმრად იმყოფება ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ქალაქ ბოჯნურდის 30-კაციანი დელეგაცია, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული კომპანიები არიან წარმოდგენილები.

”ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, როგორიცაა - სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი და ქიმური მრეწველობა, ნავთობპროდუქტები, სამშენებლო სეგმენტი, ტურიზმი. მინდა გითხრათ, რომ დაინტერესება საკმაოდ დიდია. ისინი საქართველოს აღიქვამენ, როგორც მიმზიდველ ქვეყანას, სადაც შესაძლებელია ინვესტიციების განხორციელება. ისინი რეგიონებში იმყოფებოდნენ და მოეწონათ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. პირველი ვიზიტი, სწორედ იმას ემსახურება, რომ საქართველოში არსებული გარემო მათ უკეთესად გაიცნონ. მათ აინტერესებთ საქართველოში სავარგულების დამუშავება. მოეწონათ საქართველოს კლიმატური პირობები, ნიადაგი. ირანში სოფლის მეურნეობის განვითარების კულტურა არის საკმაოდ მაღალი. მათ მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია საქართველოში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება და შემდეგ აქ წარმოებული პროდუქტის ექსპორტზე გატანა”, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

დღეს გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. მისი თქმით, საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება ირანიდან ტურისტების რაოდენობა. წელს უკვე 60 000-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.

”მთავრობის დროული გადაწყვეტილება, რომ ირანთან სავიზო რეგულაციები გაუქმებულიყო და ჩვენ მიერ ჩატარებული აქტივობები არის გარანტია იმისა, რომ ირანიდან ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმთან ერთად იზრდება ირანის მხრიდან ინვესტიციებით დაინტერესება”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ირანის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბოჯნურდის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოჰამად სამადის განცხადებით, ისინი აქტიურად არიან დაინტერესებულები სოფლის მეურნეობის სფეროთი.

”საქართველოში არსებულ გარემოს გავეცანით. ძირითადად დაინტერესებულები ვართ სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ტურიზმის სფეროთი. გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა კომპანიასთან და იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობები - ინვესტიციების, ექსპორტ-იმპორტის კუთხით კიდევ უფრო გაღრმავდება”, - განაცხადა მოჰამად სამადიმ.