პირველ 8 თვეში საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 17.4%-ით  გაიზარდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა საზოგადოებას ტურისტების, სასტუმროებისა და ავიარეისების სტატისტიკური მონაცემები გააცნო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ზოგადად ტურიზმის სფეროში განხორციელებული პროექტები წარუდგინა.

მისი თქმით, 2016 წლის პირველ 8 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,247,729 შეადგინა, რაც 322,075-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +8.2%).

„ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,851,917 შეადგინა, რაც 274,751-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (ზრდა +17.4%). პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოში გამოირჩევიან ლატვია +27.2%, ჩეხეთი +16.3% და უნგრეთი +18.7%“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს, ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 860,211 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„3 წელიწადში საქართველოს მასშტაბით 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში, რაც 58%-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობას. 2016 წლის განმავლობაში საქართველოს განთავსების საშუალებების ბაზარს დაემატა 33 სასტუმრო 1,292 ოთახითა და 2,784 საწოლი ადგილით“, - განმარტა ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, 2016 წლის შვიდი თვის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს დაემატა 9 ახალი საერთაშორისო რეისი.

„2016 წლის 8 თვეში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 16 ქვეყანაში გამართა ონლაინკამპანია. საქართველოს შესახებ დაიწერა და მომზადდა 200 სტატია, ბლოგი, დოკუმენტური ფილმი, გადაცემა და სიუჟეტი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო 14 საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ გამოფენაში, საქართველოს ეწვია 434 უცხოელი ჟურნალისტი და 238 ტუროპერატორი“, - დასძინა მინისტრმა.