საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 94,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით 36,6 ათასი ტონით ნაკლებია.

ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ბენზინის საწვავის იმპორტმა 49,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 44,9 ტონა შეადგინა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტის მონაცემები ასე გამოიყურება: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 36,0 ათასი ტონა ანუ 72,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,5 ათასი ტონა ანუ 25,3%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,0 ათასი ტონა ანუ 2,0%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი კატეგორიების მიხედვით მიმდინარე წლის ივლისში ასე გადანაწილდა: ევრო დიზელი – 39,7 ათასი ტონა ანუ 88,4%, L-62 დიზელის საწვავი - 5,2 ათასი ტონა ანუ 11,6%.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი რაოდენობის იმპორტი რუმინეთიდან განხორციელდა და 33,8 ათასი ტონა შეადგინა. ეს მონაცემი მთელი იმპორტის 35,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 15,6 ათასი ტონა, 16,5%, თურქმენეთი - 15,5 ათასი ტონა, 16,4%, აზერბაიჯანი - 12,5 ათასი ტონა, 13,3%, რუსეთი - 9,0 ათასი ტონა 9,5%, საბერძნეთი - 5,8 ათასი ტონა 6,2%, უკრაინა - 2,2 ათასი ტონა 2,3%.