საქართველოდან ჩინეთში ღვინის ექსპორტი 184%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული , რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 42%-ით აღემატება. როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. კერძოდ ჩინეთი - 184% (3 368 361), უკრაინა - 75% (3 042 192), ბელორუსი - 47% (667 656), რუსეთი - 45% (14 664 610), პოლონეთი - 34% (1 367 960), ესტონეთი - 39% (413 364), ყირგიზეთი - 107% (163 966), აშშ - 10% (171 316) იაპონია - 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი - 65% (67 522), ლატვია 9% (772 926) და სხვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება - რუსეთი (14 664 610), ჩინეთი (3 368 361), უკრაინა (3 042 192) , ყაზახეთი (2 287 826 ბოთლი) და პოლონეთი (1 367 960).

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 804 910 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 11,03 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ს აღწევს.

”მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 108,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 8 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 82 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.