"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი"

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ ფაქტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დაბალი კრიმინალი , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ის საქმიანობა, რასაც სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები ახორციელებენ, ხელს უწყობს კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებას.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე სამინისტროში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა და მინისტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

”ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის, რომ დღეს თქვენ საამაყო ადამიანები ბრძანდებით. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს მაშინ ჰქონდა დაღი და ეს დაღი არ იყო კარგი, თუმცა დღეს თქვენ ღირსეულად ემსახურებით თქვენს ქვეყანას და იმას, რომ პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი და შემდეგ მოხდეს მისი რესოციალიზაცია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ ფაქტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დაბალი კრიმინალი. ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მსჯავრდებულები ხშირად სჩადიან დანაშაულს ხელმეორედ, რაც არ უწყობს ხელს კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა ის პრობლემები, რაც დაინერგა სამინისტროში არის საწინდარი, რომ ადამიანების თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ სრულფასოვანი საზოგადოების წევრებად დაბრუნდებიან”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მოქმედ მინისტრს გაწეული სამსახურისთვის, ასევე აღნიშნა ყოფილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრების, სოზარ სუბარისა და გიორგი მღებრიშვილის ღვაწლი სისტემის ჩამოყალიბებაში.