რუსული კაპიტალი ქართულ ბაზარზე

უკვე ორი კვირაა, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ რუსული კომპანიების ჩამონათვალს დაბალი ტარიფებით შემოსული "იანდექს ტაქსი" შეემატა.

რუსული ტაქსის კომპანიის თბილისში გამოჩენას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რისი მიზეზიც ინტერნეტსაიტ "იანდექსის" საძიებო სისტემაში საქართველოს რუკის ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების გარეშე წარმოდგენა გახდა. "ეკო ტრანსპორტ ცენტრში" აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს საქართველოში წარმოდგენილი არაერთი რუსული კომპანია არღვევს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი "გაზჯგუფი".

სფეროები, რომლებშიც უცხოური კაპიტალის მონაწილეობა შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი იყოს, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და ტელეკომუნიკაციებია. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, სწორედ ენერგეტიკაა ის დარგი, სადაც ქართულ ბაზარზე რუსული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი. ამასთან, სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტის" საქმიანობა შეისწავლოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე