"თბილისში დამონტაჟებულ გაზის მილებს ექსპლუატაციის მესამე ვადა გასდის"

ქალაქში ბუნებრივი აირის სუნის გაჩენა მილების დაზიანებასა და ძველ ქსელს უკავშირდება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ყაზტრანსგაზ თბილისის“ დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა განაცხადა.

”ოდორანტი იმ კონცენტრაციით, რა კონცენტრაციითაც ერევა გაზს, როგორც წესი, მომწამვლელი საერთოდ არ არის. მაგრამ თუ მისი კონცენტრაცია შეიცვალა ან გაიზარდა, მაშინ ეს არის ჩვეულებრივი მომწამვლელი გაზი - გოგირდწყალბადი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების მოწამვლა. თუმცა, როდესაც ძალიან გაზავებულია, არ არის მომწამვლელი.

ქუჩებში რომ გაზის სუნი დადგა, ეს ოდორანტით აიხსენება. სუნის დადგომა კი ნიშნავს, რომ მილებია დაზიანებული. ძველი ქსელია, რომელსაც ექსპლუატაციის მესამე ვადა გასდის. საერთაშორისოდ დადგენილი ყველა წესის მიხედვით, ასეთი ქსელის ექსპლუატაცია საერთოდ არ შეიძლება,” - განაცხადა "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა.

თბილისის რამდენიმე უბანში დღეს ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი დაფიქსირდა, რამაც მოსახლეობის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

ბუნებრივი აირის გაჟონვასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის 3 000-მდე ზარია შესრული. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით - ყელის წვის, თავის ტკივილის და ღებინების შეგრძნების ჩივილებით დღეს 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

თავის მხრივ, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლის ნინო თურმანიძის განცხადებით, შექმნილი სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში ოდორანტის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დადგენილ ნორმებს.