დიმიტრი ქუმსიშვილი -  რუსთავის „მაკდონალდსში“  5 მილიონის ინვესტიციებია ჩადებული

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, დღეს რუსთავში „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

,,მაკდონალდსის“ რიგით მე-11 რესტორნის გახსნის ცერემონიას, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრნენ.

,,ქალაქ რუსთავში ,,მაკდონალდსის“ რიგით მე-11 რესტორანი გაიხსნა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სახელმწიფოს, კერძო სექტორის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის. აქ შეიქმნა არა უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტი, არამედ შეიქმნა მეგობრული ეკოსისტემა ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, ყველა იმ პირისათვის, ვისაც უნდა დასვენება და ხარისხიანი მომსახურების მიღება. შეიქმნა მშვენიერი სკვერი, ასევე გარემონტდა ის შენობები, რომელიც არის ,,მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითონ რესტორანში ჩადებული არის 5 მილიონის ინვესტიციები და ეს ინვესტიციები იყო სწორედ ის ვალდებულება, რომელიც კომპანიას ჰქონდა სახელმწიფოსთან აღებული. დღეს რესტორანში 62 ადამიანი არის დასაქმებული, ეს არიან სულ რუსთაველები, ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და შესაბამისად, სწორედ მათ მიეცათ დასაქმების შესაძლებლობა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს და მენეჯმენტს, იმიტომ რომ მათ რუსთავში ნამდვილად მოახერხეს და მოაწყვეს ზეიმი, ასევე მინდა მივულოცო რუსთაველებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დღეს უკვე ქალაქ რუსთავში მიიღონ იმ სტანდარტის მომსახურება, რომელსაც ქართული ,,მაკდონალდსი“ გვთავაზობს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„მაკდონალდსის“ რუსთავის ახალ რესტორანში 62 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი 4.8 მილიონი ლარია. „მაკდონალდსში“ მოქმედებს „დრაივის“ სერვისი, მისი საბავშვო ტერიტორია მოიცავს დაბადების დღის დარბაზსა და სათამაშო ზონას, რესტორანი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რუსთავის ,,მაკდონალდსის“ დიზაინისა და ინტერიერის სამუშაოები ავსტრიულ კომპანია Schloffer -ს ეკუთვნის, საბავშვო ოთახი ბელგიური კომპანია L&Bee-ის დამზადებულია, სამზარეულო შვეიცარიული კომპანია Franke-ის უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი. "მაკდონალდსის“ ტერიტორიიის კეთილმოწყობა და მეგობრობის გამზირზე არსებული კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყო.