მთავრობა 2020 წლამდე საქართველოში 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას გეგმავს

2020 წლამდე საქართველოში 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია იგეგმება. აღნიშნულს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო "რუმსში" მართავს.

ღონისძიებას მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

პრემიერის თქმით, სივრცითი მოწყობის პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია.

სივრცითი მოწყობის პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას, ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარამოების და სხვა სექტორების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაირგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი. მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორის, იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.

სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას.