საქართველოსა და ქუვეითს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა გააქტიურდა

საქართველოსა და ქუვეითს შორის მაღალი დონის თანამშრომლობის პირველი ერთობლივი კომიტეტის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრები გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ და ქუვეითის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰმა შეხვედრაზე, საქართველოსა და ქუვეითის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქუვეითთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს კერძო სექტორში ქუვეითური კომპანიებისა და ქუვეითის მოქალაქეების მზარდი აქტივობები. ქართული მხარე მიესალმება ქუვეითის კომპანიებისა და ინვესტორების უფრო აქტიურ ჩართვას საქართველოსთვის პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიც არის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა, ტურიზმი, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.

უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში 2016 წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობას და ასევე ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.