“ქართული ცხვარი აღარ იყიდება“

მეცხვარეობის დარგში კატასტროფული ვითარებაა.

როგორც „საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი - ბექა გონაშვილი აცხადებს, ამ დარგში არსებული პრობლემები წლების განმავლობაში არ იცვლებოდა, ამის მიზეზი ზემდგომ პირთა გულგრილობა და მეცხვარეობის დარგისადმი არასწორი მიდგომაა.

ბექა გონაშვილი - პრობლემები, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით, წლების განმავლობაში გროვდებოდა. ამ დარგში უკვე სამი წელია არაფერი შეცვლილა. ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვვარაუდობდი იმას, რაც დღეს ხდება: ქართული ცხვრის რეალიზაციას ვეღარ ვახერხებთ, თანაც მისი ფასი ძალიან დაეცა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართული ცხვარი აღარ იყიდება. ბაზრები, სადაც ის გადის, თითზე ჩამოსათვლელია. წელს ჩვენი ცხვარი მხოლოდ საუდის არაბეთში, ყატარსა და დუბაიში გავიდა, მაგრამ დიდი ნაწილი აქედან შარშანდელი ცხვარი იყო. წლევანდელი ცხვარი, რომელიც ივლისის შემდეგ გაიყიდა, დაახლოებით 15-20 ათასი თუ იქნება, ეს ჩვენი სულადობის 7%-ია, მეტი არა. არადა, ამ პერიოდში მუსლიმურ ქვეყნებში დღესასწაულია და წესით, ყველაზე მეტი ცხვარი უნდა გაყიდულიყო.

- ბატონო ბექა, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

- ეს იმის ბრალია, რომ წლების განმავლობაში ყურადღებას არავინ გვაქცევდა: როდესაც ვჩიოდით, ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსკენ იშვერდა თითს, ეკონომიკის სამინისტრო - სოფლის მეურნეობის სამინისტროსკენ, ეს უკანასკნელი კი - დანარჩენი ორისკენ. ერთი სამინისტრო მეორესთან გვაგზავნიდა და შედეგიც მივიღეთ! ფაქტია, რომ დღეს ქართული ცხვარი არ იყიდება. ზოგიერთმა მეცხვარემ ახლა დაიწყო ცხვრის ხორცის ირანში გატანა, მაგრამ მიზერულ ფასად და ეს ბევრს ვერაფერს ცვლის.

- ცნობილია, რომ ცხვარი ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებიდანაც შემოჰყავდათ და მერე ქართულად ასაღებდნენ...

- დიახ, შარშან 7500 სული შემოიყვანეს რუსეთიდან და გაყიდეს, როგორც ქართული. გასულ წელს საქართველოში 7 ათასადმე სომხური ცხვარი შემოვიდა, რომლის რეალიზაციაც მაშინვე ვერ მოხერხდა და წელს გაიყიდა. ძალიან ბევრი მეცხვარე და სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ამ ცხვარს შემოჰყვა სერიოზული დაავადებები - ცხვრის ჭირი და ცხვრის ყვავილი. ცხვრის ყვავილი შარშან გაჩნდა, ხოლო ჭირი - წელს. ეს დაავადებები საქართველოში ადრე პრაქტიკულად არ ყოფილა. ყვავილი 30 წლის წინ იყო, მაგრამ მერე აღარ განმეორებულა. 2014-2015 წლებში საქართველოში დაახლოებით 100 ათასი სული ცხვარი შემოიყვანეს. ამბობდნენ, რომ ტრანზიტის რეჟიმში შემოდიოდა, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მართლება იყო. „დასამშვიდებლად“ ისიც კი გვითხრეს, რომ რუსეთიდან თუშური ჯიშის ცხვარი შემოიყვანეს, რაც სრული აბსურდია. კიდევ კარგი, აცრები დროულად ჩატარდა, მაგრამ ასეთი უკონტროლობა ჩვენს საქმეში დაუშვებელი და დამღუპველია. თუ ასე გაგრძელდება, მეცხვარეები, რომლებიც ცხვარს ვერ ჰყიდიან, ბანკის კრედიტებსაც ვერ გადაიხდიან. საქართველოში მარტო მეცხვარეობაში გაცემული სესხების რაოდენობა 100 მილიონ ლარს აღწევს. თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, ამ სესხების დაფარვა ძალიან გაგვიჭირდება. უკვე მეც მირეკავენ ბანკიდან და მეკითხებიან, რა ხდება, კლიენტი არ გამოჩნდაო? მეცხვარეების უმეტესობა, სესხს როცა იღებს, გადახდის ვადად სექტემბერ-ოქტომბერს ასახელებს, რადგან ცხვარს ამ დროს ყიდის. როდესაც ჩვენს პროდუქციას ვერ ვყიდით, ვერ ვისტუმრებთ მწყემსების ხელფასებს, ვერ ვისტუმრებთ ბანკების წინაშე აღებულ ვადებულებებს და ვერც განვითარებას ვახერხებთ. ამას ისიც ემატება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ძალიან მაღალ ფასში გვთავაზობს თავის სერვისებს. ეს პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს სხვა პრობლემებთან ერთად, რომელსაც ბიუროკრატია და სახელმწიფო გვიქმნის, რადგან ყველა ეს პრობლემა დარგზე ცუდად აისახება ხოლმე.

- ცოტა ხნის წინ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდით. ამ შეხვედრის შემდეგ რა შეიცვალა?

-დიახ, სექტემბრის შუა რიცხვებში შევხვდით ვიცე-პრემიერს. სიმართლე გითხრათ, იმედის ნასახი გამიჩნდა, რადგან თანამდებობის პირისგან ის ინტერესი დავინახე, რაც ადრე არ დამინახავს. ვიცით, რომ ამ დარგით პრემიერ-მინისტრიც არის დაინტერესებული. დიმიტრი ქუმსიშვილთან ჩვენს მთავარ პრობლემაზე - გადასარეკ ტრასებზე ვიმსჯელეთ. ამ ტრასების მოუწესრიგებლობის გამო მეცხვარეებს უამრავი პრობლემა ექმნებათ. გვპირდებიან, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში მოაგვარებენ. ოღონდ, ამ საკითხის მოგვარება პირველ რიგში იმ ხალხით უნდა დაიწყოს, ვისი საკუთრებაცაა გადასარეკი ტრასის რომელიმე მონაკვეთი. სახელმწიფომ მფლობელს მიწა სხვა ადგილას უნდა გამოუყოს, ან თანხა გადაუხადოს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ზოგს იქ რესტორანი და გაზგასამართი სადგური აქვს აშენებული და ხომ ვერ დავანგრევინებთ? სახელმწიფო ამ პრობლემებს რომ მოაგვარებს, მერე შეიძლება ფიქრი, თუ როგორ შეიძლება გადასარეკი ტრასების მართვა. ფაქტია, რომ დღეს მდგომარეობა ტრასებზე კატასტროფულია, რაც პირველ რიგში მეცხვარეებს აზარალებს.

- გამოდის, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება?

- დიახ, როგორც გვპირდებიან, რამდენიმე დღეში. გადასარეკი ტრასის საკითხი შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ ცხვრის რეალიზაციას რაც შეეხება, არა მგონია ეს ერთი ხელის მოსმით გამოსწორდეს. ამას სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მუშაობა და დიპლომატიური გზების გამოყენება სჭირდება. ჩვენ ვერაფერს შევძლებთ, თუ სახელმწიფომ ხელი არ შეგვიწყო და იმ ქვეყნებთან არ მოაგვარა ურთიერთობა, სადაც ქართული ცხვარი შედის, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. დიმიტრი ქუმსიშვილისგან პირობა მივიღეთ, რომ სახელმწიფო ამ საქმეში ჩაერევა და მხარში დაგვიდგება. ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ის ინტერესი და მოწადინება დავინახე, რაც ბოლო წლებში არ დამინახავს, რამაც იმედის ნასახი გამიჩინა. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს.

ხათუნა ჩიგოგიძე