"ტურიზმსა და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მომგებიანია და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს"

ტურიზმსა და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მომგებიანია და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ქვეყნისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ.

მისი განცხადებით, ტურიზმში და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში, სასტუმროებში ინვესტირება არის კარგი, მომგებიანი, გრძელვადიანი და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს.

„სამი მსოფლიო დონის ტურისტულ სკოლას ვესაუბრებით ამჯერად, ვისი შემოყვანაც გვინდა საქართველოში. ესენია ამერიკული, შვეიცარული და ფრანგული ტურისტული სკოლები. მათი შემოყვანა დაგვეხმარება მენეჯმენტის გადამზადებაში, რათა გავზარდოთ და გავაძლიეროთ ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად. ჩვენ შევიმუშავეთ „ტურიზმის სტრატეგია 20/25,“ რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამ დოკუმენტის მიხედვით, თუ შარშან გვყავდა 6 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, ეს ციფრი უნდა გაიზარდოს 11 მილიონამდე ანუ დოკუმენტში არსებული ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება არის ნათელი ხედვა, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო სექტორისთის ეს არის რწმუნება, რომ საქართველოს მთავრობა გამოყოფს თანხებს ბიუჯეტიდან და გააგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერას, სანამ ვიზიტორთა რაოდენობა 11 მილიონს არ მიაღწევს.

„ტურიზმის სტრატეგია 20/25“ საკმაოდ კარგი და დიდი დოკუმენტი გამოვიდა. აქ არის 8 სტრატეგიული მიმართულება, 50 პრიორიტეტული აქტივობა და 110 გასატარებელი ღონისძიება, რომლებსაც ჩაშლილი აქვთ სამოქმედო გეგმა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება მიღწეული. დღეს თუ მილიარდ 900 მილიონს აგენერირებს ტურიზმი, 5 მილიარდ 500 მილიონი უნდა დააგენერიროს ინფლაციის გათვალისწინების გარეშე. დღეს თუ 150-160 ათას ადამიანს ასაქმებს, მალე 300 000 ადამიანამდე უნდა ავიდეთ. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ვაორმაგებთ როგორც დასაქმებულთა, ასევე შემოსავლებისა და ინვესტიციების რაოდენობას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.