„თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ პრემიუმ-სეგმენტში გადასვლის საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

„თიბისი ბანკის“ აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და გავლენიან ინვესტორთა წრისათვის. „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის საფინანსო წრეების წარმომადგენლებს და გააკეთებს სპეციალურ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანთან.