”საქართველოს რკინიგზამ” პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმა

”საქართველოს რკინიგზამ" და ,,რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა" დღეს კოლექტიურ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, რკინიგზელები, რომელთა შვილებიც პირველ კლასში შევლენ,  ერთჯერადად 125 ლარს მიიღებენ; დასაქმებულები, საიუბილეო ასაკის (50, 60, 65, 70) შესრულებისას ერთჯერადი პრემიით, 200 ლარით, წახალისდებიან.

დასაქმებულს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მიეცემა დამატებითი 5 სამუშაო დღის ანაზღაურებადი შვებულება.

აღდგება მემანქანეებისთვის და რანგით მის ქვემოთ მყოფი კატეგორიის დასაქმებულებისთვის შვებულებაზე ფულადი დანამატები: კერძოდ, 5-10 წლამდე სტაჟის ჩათვლით – 90 ლარი

10 - 20 წლამდე – 120 ლარი, ხოლო 20 წლის ზევის – 180 ლარი.

დასაქმებულთა ბავშვების დაბადებისას დასაქმებულზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაცია ყოველწლიურად უზრუნველყოფს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვას. გარდა ამისა, ვალდებულებას იღებს რკინიგზელების ხელფასებს გადახედოს და ფინანსურ შედეგებთან შესაბამისობის დადგენისთვის გამართოს მოლაპარაკება რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კომპანიის აუდირებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ (წლის აუდირებული შედეგი იდება მარტის თვეში);

ასევე რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მონაწილეობას მიიღებს ახალი შრომის შინაგანაწესის შემუშავებაში/ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროცესში.

ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ჩართულობა დასაქმებულთათვის შესამუშავებელი სოციალური პროექტების განხილვის პროცესში.

კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მონაწილეობას საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების მიზეზების შესწავლა-გამოკვლევაში;

კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ნებისმიერ საატესტაციო (მათ შორის გამოცდების) კომისიაში რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელის მონაწილეობას;

ასევე ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და მკურნალობის ხარჯები, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახზე გასცემს სამართლიან კომპენსაციას.