2015 წელს საქართველოში სწავლა 11 200 -მა ბავშვმა მიატოვა

2015 წელს საქართველოში მცხოვრებმა 5-17 წლის ასაკის 11 200-მა ბავშვმა სწავლა მიატოვა, რაც ამ ასაკის ბავშვების მთლიანი რაოდენობსი 1,9%-ია.

საქსტატის მიერ ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის თანახმად, აღნიშნული ბავშვების უმრავლესობა - 69,5% დასაქმებული არ არის. არამომუშავე ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებაც სწავლა მიატოვეს,  1.4%-ია. კვლევის მიხედვით, მომუშავე ბავშვების ანალოგიური მაჩვენებელი (10.1%) 7-ჯერ აღემატება წინა ციფრს. კვლევაში ნაჩვენებია, რომ სახიფათო შრომით დაკავებულ ბავშვებში აღნიშნული მაჩვენებელი 16.1%-ს უტოლდება.

კვლევის თანახმად, 5-17 წლის ასაკის ბავშვების საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიარულის შეწყვეტის 14 მიზეზიდან 2 ძირითადი გამოიკვეთა: 1) 26.8%-მა სწავლის შეწყვეტის მიზეზად სავალდებულო განათლების (9 კლასის) დამთავრება დაასახელა. 2) 21.5%-ის პასუხი კი ასეთი იყო - დაინტერესებულები არ არიან სწავლით ან სწავლაში ძალიან სუსტები არიან. კვლევის მიხედვით, 5-17 წლის ბავშვების ყველაზე მაღალი წილი, ვინც სწავლა მიატოვა, გვხვდება ბავშვებში, რომლებიც მხოლოდ მუშაობით არიან დაკავებულები (13.9%). ასევე, მაღალია აღნიშნული მაჩვენებელი დასაქმებული და თან საოჯახო საქმეებში ჩართული ბავშვებისთვის (8.8%).

კვლევამ დაახლოებით 7 700 შინამეურნეობა მოიცვა, რომელშიც 5-17 წლის ასაკის ბავშვი ცხოვრობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში 5-17 წლის ასაკის 571.1 ათასი ბავშვი ცხოვრობს, მათ 52.9%-ს ბიჭები წარმოადგენენ. ბავშვების ნახევარზე მეტი (58.4%) ქალაქად ცხოვრობს. მთლიანი მოსახლეობის ანალოგიურად, 5-17 წლის ასაკის ბავშვებშიც დაახლოებით, 30% თბილისში ცხოვრობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კვლევა 2015 წლის ბოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩაატარა.