”მოქალაქეს” ორგანიზებით დღეს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

დღეს ორგანიზაცია ”მოქალაქეს” მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ფორუმის თემა იქნება “ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივები”. მათივე ცნობით, ფორუმზე მიწვეულია ბიზნესის, პოლიტიკისა და ექსპერტული წრეების ასამდე წარმომადგენელი.

აღნიშნულ ფორუმს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პარტიებს მოუწოდა კონფერენციაზე კვალიფიციური კადრები გააგზავნონ.

”ვმართავთ მე-7 ეკონომიკურ ფორუმს, ჩემი თაოსნობით არის ეს ფორუმი დაფუძნებული. გაიმართება მსჯელობა, თუ რამდენად სწორად ფუნქციონირებს ახალი ხელისუფლება, დაწყებული ჩემგან, დასრულებული დღემდე. რა უნდა გაეკეთებინა სხვანაირად და არ გააკეთა. ყველა პარტიას ვთხოვ, გამოაგზავნოს ამ შეხვედრაზე თავისი წარმომადგენელი, რომელსაც ეკონომიკური ცოდნა გააჩნია, მაგრამ დემაგოგები - არა. მოვიდნენ და გვაჩვენონ, რომ შეიძლებოდა ამის გაკეთება და ვერ გაკეთდა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.