"როიტერი" - ნაკლებად მოსალოდნელია, ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია 8 ოქტომბრის არჩევნებამდე დაუწესოს

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე დააწესებს, როგორც ამას საქართველოს მთავრობა იმედოვნებს.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-თან საუბარში დიპლომატები აცხადებენ.

სტატიის თანახმად, ივნისში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება გერმანიამ დაბლოკა და ეს გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღების აუცილებლობით განმარტა. გერმანიის ამ პოზიციას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა და იტალიამ.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში 1,3 მილიონამდე მიგრანტი ჩავიდა, ევროპელებს სულ უფრო ეშინიათ მიგრაციის ახალი ნაკადის.

„მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა, მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის „შეჩერების მექანიზმის“ თაობაზე ჩიხში შევიდა“, - აღნიშნავს "როიტერი".

სააგენტოს ცნობით, ევროპელ კანონმდებლებს სურთ მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ „შეჩერების მექანიზმის“ შემოღებაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხში, რასაც ევროპელი ლიდერები ეწინააღმდეგებიან.

„ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამბობს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას მხარს უჭერს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვანაირად მოქმედებს“, - აცხადებს სააგენტოსთან საუბარში ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი.

კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ „სულ უფრო შეუძლებელია“ ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმების მიღწევა საპარლამენტო არჩევნებამდე, სადაც, როგორც "როიტერი" წერს, „ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ თავის საგარეო პოლიტიკურ მიზნებში წარუმატებლობა განიცადა“.