დიმიტრი ქუმსიშვილი - მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო დიალოგი, რომელიც DCFTA-ს ფარგლებშია გამართული

ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო დიალოგი, რომელიც გამართულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც DCFTA-ს თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში საჯარო დიალოგი გაიმართა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის დიალოგი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო სექტორი ერთმანეთს უზიარებენ იმ მიღწევებს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მათ შორის, DCFTA-სთან მიმართებაში.

„ასევე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება არსებობდეს. მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, დონორ ორგანიზაციებს და ევროპის კავშირს, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებით. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. დღეს ჩვენ განვიხილეთ ასევე DCFTA Facility-ი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად უკვე საქართველოშია წარმოდგენილი და ეს არის 390 მილიონიანი ფონდი, საიდანაც 50 მილიონი ევროს ნაწილი ქართულ ვალუტაში უკვე შესაძლებელია, რომ ჩვენმა მეწარმეებმა აიღონ. აქვე მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები, რომლებიც ასოცირების პარალელურად იქნება აუცილებელი, იყოს აბსოლუტურად განჭვრეტადი. კერძო ბიზნესმა იცოდეს, თუ როგორ და რა პერიოდში იქნება ყველა ეს წესი შემოღებული და შესაბამისად, მათთვის იყოს მაქსიმალური კომფორტი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მრგვალი მაგიდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მას მინისტრთა კაბინეტისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.