"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევაში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო-საინვესტიციო იმიჯისთვის"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოქვეყნებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევაში საქართველოს პოზიციის 7 ერთეულით გაუმჯობესებას მიესალმება.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეს წინსვლა მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო-საინვესტიციო იმიჯისთვის და მეწარმეებისთვის.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგებით, ჩვენ 138 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზე ვართ. აღნიშნული ინდექსი წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით არის გაუმჯობესებული. 2015-16 წლების ანგარიშით ჩვენ ვიყავით 66-ე ადგილზე, 2011-12 წლების მონაცემებთან შედარებით, როდესაც საქართველო 88-ე ადგილზე იყო, ჩვენი შედეგი 29%-ით არის გაუმჯობესებული. ეს არის ინდექსი, რომელიც ყველაზე კომპლექსურად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და მისასალმებელია, რომ აქ არის ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი. ჩვენ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ, როგორიცაა რუმინეთი, უნგრეთი, ხორვატია, უკრაინა და სხვა. ამ კვლევის თანახმად ჩვენი პოზიციები არის გაუმჯობესებული ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკური, სოციალური და ბიზნესკომპონენტები - ეს არის მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი დახმარება, საქონლის ბაზრის ეფექტურობა, ფინანსური ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიური მზაობა, ბიზნესის დივერსიფიკაცია და ინოვაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური კრიტერიუმების მიხედვით არის გაუმჯობესებული.