დიმიტრი ქუმსიშვილი - სწორედ ეს არის ”საპარტნიორო ფონდის” მანდატი, რომ მცირედით მიიღოს მონაწილეობა და ქვეყანაში მეტი ინვესტირება მოხდეს

სწორედ ეს არის ”საპარტნიორო ფონდის” მანდატი, რომ მცირედით მიიღოს მონაწილეობა და ქვეყანაში მეტი ინვესტირება მოხდეს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელი შეთანხმებები განიხილეს.

”ერთია - Schulze Global და მეორე - Gazelle Fund. ორივე შემთხვევაში ”საპარტნიორო ფონდი” გამოდის, როგორც მინორიტარული ხელმომწერი. თვითონ ფონდის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ფონდში მონაწილე დანარჩენი ფონდები, ან კომპანიები მცირე ოდენობის წილით შედიან, მთლიანობაში იკვრება ფონდი იმ მოცულობით, რაც თავიდანაა გაცხადებული და შემდეგ ხდება ინვესტირება. რომ ვისაუბროთ Gazelle Fund-ზე, ეს არის ფონდი, რომელიც აფინანსებს დაწყებით ბიზნესს და მცირე და საშუალო კომპანიებს. შესაბამისად, აქ არის საუბარი ჯამურად, 70 მილიონ დოლარიან ფონდზე. ფონდი ოპერირებას დაიწყებს მას შემდეგ, რაც 27 მილიონზე მეტი ხელმომწერი შეგროვდება და ეს მოხდება უახლოეს მომავალში”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის ”საპარტნიორო ფონდის” მანდატი, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა მცირედით და ქვეყანაში მოხდეს მეტი ინვესტირება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, Gazelle Fund-ისა და Schulze Global-ის შემთხვევაში პარტნიორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

”Schulze Global-ის ინიციატივით შექმნილი ფონდის ძირითადი მიმართულება იქნება ინვესტირება მცირე და საშუალო ჰესებში. თავიდან შეიკვრება პირველი 50 მილიონი დოლარი და აქ 6 მილიონი დოლარით მიიღებს ”საპარტნიორო ფონდი” მონაწილეობას, შემდგომ კიდე 50 მილიონით გაფართოვდება, საბოლოო ჯამში, 100 მილიონი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.