ბელორუსში ახალი წლიდან ელექტროენერგია და გაზი 20-30%-ით გაძვირდა

ახალი წელი ბელორუსებისთვის საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირებით დაიწყო.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება სახელმწიფო-საკანონმდებლო ვებ-გვერდზე პირველ იანვარს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტად, 30%-ით, ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი და თხევადი აირი გაუძვირდა. ერთი კუბური მეტრი ზამთარში - 520,9 რუბლი, ხოლო ზაფხულში - 1 906,6 რუბლი ღირს. ცენტრალური გათბობის დროს გაზის ფასი, მრიცხველის გარეშე, კატეგორიების მიხედვით, თვეში ერთ სულზე, 15 250 რუბლიდან იწყება და 43 850 რუბლს აღწევს. 1 კუბური მეტრი თხევადი გაზის ღირებულება მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ზამთარში 8 070,6 რუბლია, ხოლო ზაფხულში - 5 083,9 რუბლი.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, მისმა ტარიფმა 20%-ით მოიმატა და 1 კვსაათის ფასი 622.7 რუბლს შეადგენს. თუმცა, ბელორუსში მოხმარების დროის მიხედვით ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფები მოქმედებს: საღამოს 22 საათიდან 17 საათამდე, მინიმალური დატვირთვის დროს, 1 კვსაათი 435,9 რუბლი ღირს, ხოლო 17 საათიდან 22 საათამდე, მაქსიმალური დატვირთვის დროს - 1245,4 რუბლი.

სამაგიეროდ, ბელორუსის მთავრობამ შეღავათები ადგილობრივ მეწარმეებს გაუწია. პირველი იანვრიდან რეალურ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის კუბური მეტრი გაზის ფასი 10 დოლარით შემცირდა, იურიდიული პირებისთვის კი - 7,25 დოლარით. სასუქის მწარმოებლებისთვის ფასების კლებამ 13 დოლარიც კი შეადგინა. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, უმსხვილესი ბელორუსი მწარმოებლები იაფ ელექტროენერგიასაც მიიღებენ: მათთვის 1 კვსაათი - 0,5 აშშ ცენტით გაიაფდება. ცემენტის, მინისა და ქიმიური მრეწველობისთვის ტარიფები 3,5 დოლარით შემცირდება.