"ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი  ექსპორტის პოტენციალს გაზრდის"

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, სუფსაში დაგეგმილი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ჩაანაცვლებს იმპორტს და ექსპორტის პოტენციალს გაზრდის.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი მაკროეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია.

”პროექტის მნიშვნელობა ძალიან ნათელია. ეს არის დადასტურება იმისა, რომ დღეიდან ჩვენ და ირანის მხარე ერთობლივად ძალიან დიდ პროექტს განვახორციელებთ, რომელიც საქართველოში შექმნის სამუშაო ადგილებს - თავიდან, მშენებლობის პროცესში იქნება 2000-მდე სამუშაო ადგილი, ხოლო შემდგომ, მუდმივად 800 ადამიანი დასაქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 800 ოჯახში შევა მაღალი ხელფასი, მაღალი ანაზღაურება, ბავშვები ივლიან კარგ სკოლებში და ასე შემდეგ. მაკროეკონომიკურად პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროექტი ჩაანაცვლებს იმპორტს და პირიქით, ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალს გაზრდის და გაცილებით კონკურენტუნარიანს გახდის შიდა ბაზარს, რაც ყველა ჩვენთაგანის ჯიბეზე ერთმნიშვნელოვნად აისახება”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია.

”ჩვენ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებით - მილიარდნახევრიანი ინვესტიციის ვალდებულებით 130-ჰექტარზე მეტი გადავეცით. დარწმუნებული ვართ, რომ პროექტი წარმატებული იქნება”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა.

პრივატიზაციის ხელშეკრულება GEOPARS-სა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა.

პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან: - ნავთობგადამამუშავებელი საწარმოსგან, პეტროქიმიის საწარმოსგან და ლოგისტიკური ცენტისგან შედგება.

ხელმოწერის ცერემონიასა და პროექტის პრეზენტაციას “ქარვასლაში” მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.