დიმიტრი ქუმსიშვილი - აგარაში, ხილის სპირტის ქარხანაში 4,5 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული

შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა, რომლის შესაქმნელად 4,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს.

აგარის ხილის სპირტის საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა აგარაში, ხილის სპირტის ქარხანაში. ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომლის მშენებლობაც დაიწყო სულ 9 თვის წინ. ინვესტირებულია 4,5 მილიონ დოლარზე მეტი. როგორც აღვნიშნე, 50 ადამიანი დღეს არის დასაქმებული, ხოლო ახალი წლისთვის 60-70 ადამიანი იქნება დასაქმებული. მნიშვნელოვანი აღნიშნული საწარმოს გახსნა იმითაც არის, რომ საწარმო იღებს არაკონდიციურ ხილს და შემდგომ უკვე ამისგან ამზადებს ძალიან მოთხოვნად პროდუქტს - ხილის სპირტსა და ხილის არაყს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, აგარის ხილის სპირტის საწარმოს მშენებლობა 2016 წელს ქართული ინვესტიციით დაიწყო. კომპანია სარგებლობს იაფი აგროკრედიტის კომპონენტით - სესხის თანხა 600 000 აშშ დოლარს შეადგენს. საწარმოში მოხდება არასტანდარტული ხილის მიღება, საიდანაც დამზადდება 860-იანი სპირტი. ნაწარმოები პროდუქცია ძირითადად გავა ექსპორტზე - ამერიკაში, ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. კომპანია ასევე აპირებს საკუთარი ნედლეულით ადგილზე ჩამოასხას სხვადასხვა ხილის არომატების მქონე სპირტიანი სასმელები (არაყი, ბრენდი). რომლის დიდი ნაწილიც ასევე განკუთვნილი იქნება ექსპორტზე გასატანად ზემოთხსენებულ ქვეყნებში.

„საწარმოს შესაძლებლობა აქვს დღეში 50 ტონა ხილი მიიღოს და გადაამუშაოს, საიდანაც იწარმოება 3 ტონა მაღალი ხარისხის ხილის სპირტი. საწარმო წელიწადში 5 000 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილს გადაამუშავებს.

კომპანია სამომავლოდ გეგმავს ღვინისგან საკონიაკე სპირტის გამოხდას, რომელიც ასევე საერთაშორისო სტანდარტის იქნება და საექსპორტოდ იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ სამინისტროში.