8 უნიკალურ მსოფლიო დონის სასტუმრო-კომპლექსში  259 მილიონი ლარია ინვესტირებული

საჭიროა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფუძნებული ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, განვითარების ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის.

”დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ინიციატივა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, და განსაკუთრებით, საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავხდეთ ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე”, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ფონდი ახორციელებს 8 უნიკალურ მსოფლიო დონის მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს, საერთო ღირებულებით 680 მილიონი დოლარი. კვირიკაშვილის ინფორმაციით, აქედან უკვე ინვესტირებულია 259 მილიონი ლარი.

”ფონდის მასშტაბურობაზე და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის მხრიდან: სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკსა და სასტუმრო შეკვეთილში შემოვიდა „მარიოტის“ უმაღლესი კლასის ბრენდის Autograph Collection. თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს, რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ.

თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები“ ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2500 ადამიანი.

კვირიკაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სასტუმროების მართვის კომპანიას ასევე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება რეგიონული ტრენინგ-ცენტრების შექმნის კუთხით.

პრემიერმა განმარტა, რომ კომპანია გადაამზადებს ადგილობრივ მოსახლეობას, აამაღლებს მათი კვალიფიკაციის დონეს, განავითარებს მომსახურების ინდუსტრიას რეგიონებში.

”ფონდი აქცენტს გააკეთებს არა მარტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, არამედ ეკოლოგიაზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერაზე. ტურიზმის განვითარების ფონდის მიმართულებები სრულად შეესაბამება მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმას. ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს საინვესტიციო პროექტები სახელმწიფო ხედვის და სივრცითი მოწყობის სტრატეგიიდან გამომდინარე. ფონდი ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. ამის კარგი მაგალითია პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის განვითარების ფონდი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სულ უფრო საინტერესო ტურისტებისთვისა და ინვესტორებისთვის”, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.