იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 35%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 32 421 418 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს მაჩვენებლი 35%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში 74,6 მილიონამდე დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებულია, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტიორი ქვეყნების ლიდერი რუსეთია (17 056 936 ბოთლი), ხუთეულში ასევე არიან ჩინეთი (3 852 245 ბოთლი), უკრაინა (3 457 028 ბოთლი), ყაზახეთი (2 535 163 ბოთლი) და პოლონეთი (1 633 514 ბოთლი).

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 154% (3 852 245), უკრაინა - 61% (3 457 028), დიდი ბრიტანეთი - 60% (67 522), ბელორუსი - 51% (789 876), პოლონეთი - 47% (1 633 514), ესტონეთი - 43% (485 688), ყირგიზეთი - 39% (163 966), რუსეთი - 36% (17 056 936), გერმანია - 18% (223 862), იაპონია - 20% (134 808), აშშ - 5% (191 086), ლატვია 1% (841 098) და სხვა.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მილიონი დოლარის ღირებულების. ზრდა კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ს აღწევს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მილიონ დოლარს მიაღწია. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მილიონი დოლარი იყო - ზრდამ კი 26,5% შეადგინა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე