ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებზე უახლოეს მომავალში იმსჯელებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მიმდინარეობის საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტზე საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. საკოორდინაციო საბჭო სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებს.

შხვედრაზე ისაუბრეს ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის 2013 წლის ანგარიშსა და 2014 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი მარაბდა-ახალქალაქის 153 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე 27 კმ-იანი რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამუშაო შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და შპს "მარაბდა კარწახის რკინიგზის" დირექტორი ოლეგ ბიჭიაშვილი ესწრებოდნენ.