Financial Times - საქართველო, თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობით კავკასიაში გაზისა და ნავთობის მარშრუტების კუთხით, დასავლეთის საკვანძო მოკავშირეა

თუ „ქართული ოცნების“ გამარჯვება დადასტურდება, დასავლელი დიპლომატები და ბევრი ქართველიც იმედოვნებენ, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდებიან.

ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა Financial Times-ი წერს.

გამოცემის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ზოგადად, მშვიდ გარემოში ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყნის სტატუსს, როგორც დემოკრატიის მედროშეს რეგიონში.

Financial Times-ი აღნიშნავს, რომ საქართველო, თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობით კავკასიაში გაზის და ნავთობის მარშრუტების კუთხით, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის დასავლეთის საკვანძო მოკავშირეა.

ჟურნალისტი ჯეკ ფარჩი სტატიაში მოსაზრებას გამოთქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის.

ამასთანავე, სტატიაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის არჩევნებთან შედარებით ამომრჩევლის აქტივობა უფრო დაბალია, რაც ადასტურებს ამომრჩევლის იმედგაცრუებას როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკით.