არასრულწლოვანი გოგონებისთვის შესაძლებლობების უზრუნველყოფის რეიტინგში საქართველო 62-ე პოზიციაზეა

არასრულწლოვანი გოგონებისთვის შესაძლებლობების უზრუნველყოფის რეიტინგში საქართველომ 62-ე ადგილი დაიკავა. 

ამ მაჩვენებლით საქართველო სამოასა და სენტ ლუსიას შორის არის. ასეთია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Save the Children-ის ახალი ანგარიშის შედეგები.

რეიტინგის შედგენისას, ექსპერტებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ადრინდელი ქორწინების სიხშირე, პირველი მშობიარობის ასაკი, დედების სიკვდილიანობა, ქალის განათლების დონე და სხვა.

რეიტინგში პირველი ადგილი შვედეთმა დაიკავა, პირველ ხუთეულში კი, ამ ქვეყნის გარდა მოხვდნენ ფინეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები და ბელგია. რეიტინგის ბოლო ადგილს იკავებს ნიგერია. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 46-ე, აზერბაიჯანი 69-ე, თურქეთი კი 55-ე ადგილზე არიან.

Save the Children-ის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ყოველ 7 წამში ერთხელ 15 წლამდე ასაკის გოგონა თხოვდება. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი, იემენი, ინდოეთი და სომალი, 10 წლის გოგონებს გაცილებით უფრო დიდი ასაკის მამაკაცებთან ოჯახის შექმნას აიძულებენ.

ანგარიშში საუბარია ადრინდელი ქორწინების უარყოფით შედეგებზე - ექსპერტები ამბობენ, რომ ადრინდელ ასაკში გათხოვილ გოგონებს განათლების მიღების და განვითარების საშუალება არა აქვთ, ხშირად ხვდებიან ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

Save the Children-ში აღნიშნავენ, რომ ადრინდელი ქორწინების პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელებულია ღარიბ ქვეყნებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები და ჰუმანიტარული კრიზისი არსებობს.

იხილეთ PALITRATV-ზე