საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა 200%-ით გაიზარდა

არაბულენოვანი გაზეთი „ალ-მადინა“ საქართველო - საუდის არაბეთის ორმხრივ ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის და ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე წერს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ვაჭრობა 200%-ით გაიზარდა, ხოლო საუდელებმა 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველო მოინახულა 20 ათასზე მეტმა საუდელმა ტურისტმა და 6500-მა საუდის არაბეთში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის საუდელ ტურისტთა რაოდენობამ 30 ათასს მიაღწიოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ქართულმა ავიაკომპანიამ პირველად დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება საუდის არაბეთის ქ. დამამიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისის მიმართულებით. ელჩის განცხადებით, საელჩო მუშაობს, რათა სამომავლოდ ტურისტების ნაკადისა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით დაინიშნოს პირდაპირი რეისები ქ. რიადის მეფე ხალიდის და ქ. ჯედას მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

ინტერვიუში ელჩმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო საუდელთათვის წარმოადგენს ახალ ტურისტულ მიმართულებას, ვინაიდან მათ შეუძლიათ ქვეყანაში შესვლა ვიზის გარეშე და ერთი წლის განმავლობაში დარჩენა. რაც შეეხება სამეფოში მცხოვრებ ექსპატრიატებს, მათ ასევე შეუძლიათ საქართველოში ვიზის გარეშე შესვლა ბინადრობის ნებართვით და ქვეყანაში დარჩენა 3 თვის განმავლობაში.