რას მოუტანს საქართველოს „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრობა

გასულ კვირას ქალაქ სარაევოში, ევროპის „ენერგეტიკული გაერთიანების“ მეთოთხმეტე მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - ილია ელოშვილიც ესწრებოდა.

მინისტრმა „ენერგეტიკულ გაერთიანებასთან“ საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს მოაწერა ხელი. „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს, ხოლო ორგანიზაციაში შესვლის შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო. მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. ოქმით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი გახდება.

„ენერგეტიკული გაერთიანება“ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2005 წელს დააფუძნეს. ორგანიზაცია ლიბერალურ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი ენერგოსივრცის შექმნაზე მუშაობს. მასში გარდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა, კიდევ 8 ქვეყანა შედის. ქართველი ენერგეტიკოსები ამ სიახლეს აფასებენ და აცხადებენ, რომ გაერთიანების წინაშე ვალდებულებები საქართველოსაც დაეკისრება. მათ შორის უპირველესი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ბაზრების სრული ლიბერალიზაციაა. ალბათ შეიცვლება ამ ბაზარზე ოპერირების და დისპეჩერიზაციის წესებიც, რის შედეგადაც მას ახალი მოთამაშეები შეემატებიან, მომხმარებლებს კი, ერთი მომწოდებლის მეორეთი ჩანაცვლების უფლება ექნებათ.

როგორც ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა ამბობს, ამ დარგში 1960 წლიდან საქმიანობს და ამ ხნის განმავლობაში, მისთვის ეს ყველაზე სასიამოვნო სიახლეა.

„ეს არის პროგრესისკენ მიმავალი გზა - მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს ევროპის „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრობა. ეს გამოიწვევს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ენერგეტიკაში აუცილებლად უნდა გატარდეს. ჩვენ იზოლირებულ სამყაროში არ ვცხოვრობთ და ასეთ გაერთიანებაში შესვლის შემდეგ ენერგეტიკის სექტორში გაჩნდება ახალი წესები, ახალი დონეები. ვფიქრობ, რომ ამით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ძალიან დიდი სტიმული მიეცემა“, - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.

მისი თქმით, ზაფხულობით საქართველოს ჭარბი ელექტროენერგია აქვს, ზამთარში კი, პირიქით, დეფიციტს განიცდის, ამ და სხვა პრობლემების მოგვარება ურთიერთდახმარების და ურთიერთსარგებლიანობის პირობებში უფრო გაადვილდება.

„ასეთ პრესტიჟულ კავშირში შესვლით ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი გაიზრდება, ბაზარზე ახალი მოთამაშეები გაჩნდებიან და სტაბილურობის ელემენტებიც გაიზრდება. თუმცა, ვალდებულებებიც დაგვეკისრება. ამჟამად ჩვენი მთავარი მიზანი არსებული სიმძლავრეების სრულყოფაა, რომ ეს სისტემა უფრო ეფექტიანი გახდეს. ზოგიერთი ობიექტი ძველია, ზოგი - ახალი და ამ სისტემას სრულყოფა დასჭირდება. სუფთა ენერგიის წყაროც ბევრი გვაქვს და თუ მზისა და ქარის ენერგიის ათვისებასაც შევძლებთ, ჩვენი ენერგეტიკა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნავს ენერგეტიკოსი.

ანზორ ჭითანავას შეფასებას ეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძეც.

„რა თქმა უნდა, „ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან“ შეერთება დადებითი მოვლენაა. ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს შორის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ბაზრების სრული ლიბერალიზაციაც შედის. ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. როდესაც ამ გაერთიანების წევრები გავხდებით, მომხმარებელს უფლება ექნება, სადაც სურს იქ შეიძინოს ელექტროენერგია, თუმცა ბევრი რამ წინასწარ უნდა გავთვალოთ და ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენსა და ევროპას შორის თურქეთია. ცხადია, თურქეთსაც ექნება რაღაც მოთხოვნები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში კი, ჩვენი კანონები ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროპულ კანონებთან და ამ სფეროში არსებული ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ“, - აღნიშნავს რეზო არველაძე.

მისი შეფასებით, ასეთი მსხვილი გაერთიანებები ენერგეტიკაში ყოველთვის ამართლებს. სხვადასხვა სახელმწიფოები რომ თანხმდებიან და ერთიანი კანონებით მოქმედებენ, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება ხოლმე.

„საერთაშორისო ბაზართან ინტეგრირებაც კარგია, რადგან საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება და ევროპული ქვეყნები დაინტერესდებიან ჩვენთან ინვესტიციების ჩადებით. დადებითი მხარეებიც უნდა გავითვალისწინოთ და იმ სირთულეებზეც უნდა ვიფიქროთ, რაც ასეთ დიდ გაერთიანებაში შესვლას ახლავს“, - აღნიშნა ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე

ხათუნა ჩიგოგიძე