დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფორუმის გამართვა იგეგმება

2017 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფორუმი გაიმართება. ეს იყო „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) წევრი კომპანიებისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯასტინ მაკენზი სმიტის შეხვედრის ერთ-ერთი თემა. შეხვედრა EUGBC-ის ოფისში, „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით გაიმართა.

„ბრიტანეთის ელჩთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების განვითარებას. მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის შეხვედრები მომგებიანია და მნიშვნელოვანია, ვინაიდან საკმაოდ საინტერესო დისკუსია შედგა ბიზნესის წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის ელჩს შორის. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ საკითხი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2017 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში ღვინის ფორუმის ჩატარებას ეხება. ფორუმში რამდენიმე ქართული ღვინის კომპანია მიიღებს მონაწილობას. ვფიქრობ, ასეთი აქტივობები საინტერესოა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის, ზოგადად ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის ბიზნესურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და მას, როგორც ელჩს, სურს, კიდევ უფრო გააფართოვოს ეს კავშირები.