რომან გოცირიძე - პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესი დააზიანოს

საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონა უფლებას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ახალი სახის გადასახადის შემოღებას, ან გადასახადის განაკვეთის გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმის გზით , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესი დააზიანოს და ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილურ ზრდას შეუშალოს ხელი.

„პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის შეუზღუდავმა მმართველობამ შეიძლება ქვეყანას დააკარგინოს ის მონაპოვარი, რასაც მრავალწლიანი რეფორმების შედეგად მიაღწია. კერძოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონა უფლებას აძლევს მმართველ პარტიას შეცვალოს კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ახალი სახის გადასახადის შემოღებას ან გადასახადის განაკვეთის გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმის გზით. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სპეციალური ორგანული კანონით - „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ განსაზღვრულია ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები და დადგენილია ისეთი ეკონომიკური პარამეტრები, როგორიცაა ბიუჯეტის ხარჯების მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს 30 პროცენტის ოდენობით, დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არა უმეტეს 3 პროცენტის ოდენობით, სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არა უმეტეს 60 პროცენტის ოდენობით და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ძირითადი პრინციპები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ, რომელიც განიცდის ეკონომიკურ პრობლემებს, მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, შეიძლება უარი თქვას იმ ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე, რომელიც გამოიხატება პასუხისმგებლიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებში.